თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის გენერალს შეხვდა. ირაკლი ჩიქოვანმა გენერალ-მაიორ დანიელ ლასიკას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.
უწყების ცნობით, მინისტრმა აშშ-ის მხარეს საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერების საქმეში აშშ-ის ევროპული სარდლობის მნიშვნელოვანი წვლილი.
თავდაცვის მინისტრმა და გენერალ-მაიორმა დანიელ ლასიკამ საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი დანიელ ლასიკა თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა.