რესპუბლიკურ საავადმყოფოში პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღნიშნეს. მედიკოსები კლინიკის ეზოში შეიკრიბნენ და მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადეს. პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერსა და ექიმებს შორის შეხვედრა ორი დღის წინ გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა, ახლის აშენებამდე არ დაინგრევა, რეორგანიზაციის პროცესი კი შეჩერდება.
ექიმის, გივი პისარევის თქმით, მიღებული გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივია.
"პირველ რიგში, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იყო მიღებული. ეს კლინიკა უნდა იყოს პაციენტებისთვის, მერე ექიმებისთვის. რესპუბლიკური საავადმყოფო გააგრძელებს მუშაობას, არავინ დაიკეტება. დაახლოებით, სამი წლის შემდეგ, უკანა ეზოში, გვექნება ახალი თანამედროვე სტანდარტების კლინიკა. ამ გადაწყვეტილებისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ასევე - მამუკა მდინარაძეს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული პროცესებში. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს კოლექტივის, რომელიც ზეიმობს ამბავს, საზოგადოებასა და განსაკუთრებული მადლობა ჟურნალისტებს, რომლებიც აშუქებდნენ ამ ამბავს", - განაცხადა გივი პისარევმა.
კარდიოლოგიური სამსახურის უფროსის, ნინო ოთარიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის დამსახურებით, რესპუბლიკური საავადმყოფო დღეს არსებულ ლოკაციაზე დარჩება.
„როგორც მივიღეთ დაპირება პრემიერ-მინისტრისგან და ჯანდაცვის მინისტრისგან, შენარჩუნდება რესპუბლიკური საავადმყოფო, დარჩება იმ ლოკაციაზე, რომელზეც დღეს არის. მედპერსონალი გააგრძელებს მუშაობას. დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრს, რომელმაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და სახელმწიფოს შეუნარჩუნა რესპუბლიკური საავადმყოფო,“ - აცხადებს ნინო ოთარიშვილი.