25 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
ქართული ღვინის სიყვარულით თამარ აბულაძემ უნიკალურ აღმოჩენას მიაგნო და შექმნა პროდუქტი, რომელსაც ანალოგი არ აქვს - ღვინის კრისტალებისგან შექმნილი სამკაულები

მინერალებით მდიდარი ნიადაგი და დაბალანსებული კლიმატი - ეს არის ის, რაც ქართულ ღვინოს გამორჩეულ გემოს და არომატს აძლევს. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც 8 000 წლის წინ დაიწყო ღვინის დაყენების კულტურა და მას შემდეგ დავიწყებას არ მიცემია. პირიქით, განვითარდა და დაიხვეწა. ქართული ღვინის სიყვარულით ქართველმა სტარტაპერმა უნიკალურ აღმოჩენას მიაგნო. შექმნა ისეთი პროდუქტი, რომელსაც ანალოგი არ აქვს.

წარსული ნარჩენები მოაგროვა და ღვინო დროში გაყინა. მცდელობები და ექსპერიმენტები წარმატებული გამოდგა.

ადვილი არ ყოფილა, თავისუფლებით, ფანტაზიის უწყვეტი შესაძლებლობით და კარგად შემუშავებული ინდივიდუალური ტექნიკით ქვები დაიმორჩილა. მისი ერთადერთი სამუშაო იარაღი ხელებია.

ფერები ბუნებრივია, ერთ სამკაულში შეიძლება კახეთიც იყოს, გურიაც, აჭარაც და ასე, ერთმა ბეჭედმა, მთელი საქართველო დაიტიოს.

ყურძენი გულსაბნევად იქცა. მერე სუვენირი, ბეჭედი, საყურე შეიქმნა. სიახლეების მუდმივმა მაძიებელმა საიუველირო ნაწარმიდან ბოლოს გასტრონომიაში შეაბიჯა.

ურთიერთობები აქაც ორმხრივია, როგორც ექცევი ღვინოს, შედეგიც ისეთია. თუ ღვინო კარგია, ქვებიც უფრო ბრწყინავს. ამიტომ მეღვინეებს ყოველთვის საგულდაგულოდ არჩევს. 

დამზადების პროცესი საიდუმლოა, ამასაც თავისი რიტუალი აქვს - ღამე, სიჩუმე, ეს აუცილებელი პირობაა. იძულებით სიამოვნებას ვერ მიიღებ, ამიტომ არც შეკვეთებს იღებს და არც სამუშაოდ ჯდება, როცა არ უნდა. ამ საქმეს დროის ჩარჩოებში ვერასდროს მოაქცევ.

ღვინის ბრილიანტებისგან შექმნილ პირველ სამკაულს, მესამე წელია ატარებს, ჯერ თავადაც დაკვირვების პროცესშია. სჯერა, რომ იქ სადაც ხელოვნება და ისტორია ერთ წერტილში იკვეთება ნივთებიც განსაკუთრებულ დანიშნულებას იძენს.

გვპირდება, რომ ბევრი სიახლე იქნება, რა თემებზე, ეს ჯერ არ იცის. მანამდე მარანში შეიკეტება ქვევრთან, ღვინის ბრილიანტებთან, ათობით ფერთან ერთად მარტო დარჩება და ღვინისგან ახალ ტექნოლოგიას შეიმუშავებს.

 

ავტორი: ანი გენებაშვილი

დღის ამბები