25 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
ღამის კლუბში დაწყებული დაპირისპირება, ქუჩაში 25 წლის ახალგაზრდის მკვლელობით დასრულდა - "კურიერი P. S.-მა" დანაშაულის ამსახველი ვიდეოკადრები მოიპოვა

თბილისი, მთაწმინდა, 18 თებერვალი, შუაღამე - ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე, 25 წლის მამუკა ლომიძე მეგობარმა 7 გასროლით მოკლა.

ისტორია შემზარავი დასასრულით აქედან იწყება - კაფე "გალერის" სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, მამუკა ლომიძე მეგობრებთან ერთად კლუბში შედის. "გალერიში" მიდის მისი მეგობარი ბაჩო სირაძე, სხვა ახალგაზრდების თანხლებით. სვამენ ალკოჰოლს და ცეკვავენ. დაახლოებით 40 წუთში ვითარება იძაბება - კადრების მიხედვით, დაპირისპირებულის გაშველებას ცდილობენ და კლუბის გარე პერიმეტრზე ინაცვლებენ.

ხმამაღალი საუბარი და სიტყვიერი დაპირისპირება აქაც გრძელდება. ირკვევა, რომ კონფლიქტი სწორედ ბაჩო სირაძესა და მამუკა ლომიძეს შორის ხდება. მეგობრები მათი ტერიტორიიდან გაყვანას, სხვადასხვა მიმართულებით ცდილობენ. ბაჩო სირაძე იქვე გაჩერებულ "ტოიოტა რავ 4-ში" ჯდება.

გამოძიების მასალებით დგინდება, რომ 25 წლის მამუკა ლომიძე, მეგობრებმა, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე, 12 ნომერთან მიიყვანეს და მეგობარ გიორგი ზარნაძესთან ერთად დატოვეს. მალევე, მათ სიახლოვეს ის ავტომობილი გაჩერდა, რომლითაც ბაჩო სირაძე გალერიდან წამოიყვანეს. დაახლოებით 10 წამში, სირაძემ მანქანიდან გადასვლა, ლომიძის მიმართულებით 7-ჯერ გასროლა და იმავე ავტომობილით ტერიტორიიდან გაქცევა მოახერხა.

7 ტყვიიდან მამუკა ლომიძეს 4 მოხვდა. ის გიორგი ზარნაძემ და ადგილზე დასახმარებლად მისულმა რამდენიმე პირმა კლინიკაში წაიყვანეს, დაჭრილი მალევე გარდაიცვალა. მისი მეგობრები, პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

საქმის მასალების მიხედვით, ბაჩო სირაძემ, ჭავჭავაძის ქუჩაზე მისვლამდე კონკრეტულ ლოკაციაზე იარაღი აიღო. მკვლელობის შემდეგ, ჯერ პისტოლეტი გადამალა, შემდეგ კი თანმხლები პირები, მძღოლის გარდა, რუსთაველის გამზირზე დატოვა. "კურიერი P.S.-მა" იმ 2 თვითმხილველის ჩვენება მოიპოვა, რომლებიც სირაძესთან ერთად, "ტოიოტა რავ 4-ით" მკვლელობამდე და მკვლელობის შემდეგ მოძრაობდნენ.

სირაძემ მკვლელობის იარაღი დამალა. ნივთმტკიცების კვალზე, პოლიცია კამერების ჩანაწერებით გავიდა.

იარაღი იპოვეს, მალევე ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავეს ბაჩო სირაძე, რომელიც ბრალს არ აღიარებს.

გაირკვა, რომ მკვლელობაში ბრალდებული "რავ 4-ით", იმავე მძღოლით, მკვლელობის ღამესვე თბილისიდან ყაზბეგში წავიდა. მკვლელობაში ბრალდებული, სამართალდამცავებმა, ლარსის საზღვართან ახლოს, ერთ-ერთ სასტუმროში ნახეს.

ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს მოკლულის მეგობარი გიორგი ზარნაძე, რომელიც მამუკა ლომიძეს კლუბშიც ახლდა და მისი სიცოცხლის ბოლო წუთებს შეესწრო. ზარნაძე ჩვენებაში შეიარაღებული მკვლელს აღწერს, ჰყვება, რომ მას ეხურა კაპიუშონი, თუმცა გამომძიებლებს არ უდასტურებს, რომ ის ბაჩო სირაძე იყო.

საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, ბრალდებულთა წრის გაფართოებასაც. ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, შესაძლოა დააკავონ იმ ავტომობილის მძღოლი, რომელიც მკვლელობაში ბრალდებულის გადაადგილებას უზრუნველყოფდა.

ვინ არის ჯემალ, იგივე ბაჩო სირაძე - მისი კრიმინალური ისტორია ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო, როდესაც 15 წლის იყო. ბაჩო სირაძე თანატოლის, ნიკოლოზ ჩანქსელიანის მკვლელობისთვის სასჯელს იხდიდა. შემდეგ იყო ყოფილი პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის დაჭრის და ნარკოდანაშაულის ბრალდებები. ბოლოს, სირაძე ცოლზე ძალადობისთვის სასჯელს იხდიდა. საპატიმრო მან ერთი წლის წინ დატოვა.

25 წლის მამუკა ლომიძის დედა საზღვარგარეთ იყო, როდესაც შვილის დაჭრის შესახებ აცნობეს. უახლოესი რეისით თბილისში ჩამოვიდა და აეროპორტში გაუმხილეს, რომ თვეების უნახავი შვილი მოუკლეს. ახლა, ოჯახს ერთადერთი მოთხოვნა აქვს - დამნაშავის უმკაცრესად დასჯა.

კიდევ ვინ დაჯდება ბრალდებულის სკამზე - ჯგუფური მკვლელობის საქმეზე გამოძიების ეტაპზე გაირკვევა. 25 წლის მოკლული ახალგაზრდა, შაბათს დაკრძალეს.

დღის ამბები