25 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
უკრაინამ ავდიივკა დროებით დაკარგა, ქვეყანას დახმარების მოლოდინში უკან დახევა უწევს - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში კი არდადეგები დაიწყო და მრავალმილიონიან დახმარებაზე მსჯელობა ჭიანურდება

უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ, თეთრი სახლი უმძიმესი რეალობის წინაშე დგას. შიდაპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, ვაშინგტონი კიევს შეიარაღებას ვეღარ აძლევს, რაც უკრაინის წინააღმდეგობას უკვე დაეტყო. ქალაქი ავდიივკა შეიარაღებულმა ძალებმა იმიტომ დატოვეს, რომ იარაღის მარაგი ამოიწურა და რაც დარჩა, არმიამ სხვა ოპერაციებისთვის უნდა გამოიზოგოს. უკრაინის 61 მილიარდიანი დახმარების თემა, კონგრესის ქვედა პალატაში შეჩერებულია.

ბაიდენი, 61 მილიარდიანი პაკეტის კენჭისყრაზე დაყენებას, გაუთვლელად არ ითხოვს. კონგრესის ქვედა პალატაში, კიევის დახმარების მომხრე რესპუბლიკელი კონგრესმენებიც არიან და მათი და დემოკრატების ერთიანი ძალისხმევით, კანონპროექტი დამტკიცდება. თუმცა საკითხი კენჭისყრაზე სპიკერ ჯონსონს არ გამოაქვს. მან პირადად უთხრა კონგრესმენებს, რომ არ ეჩქარათ და ისინი შვებულებაში გაუშვა. ჯონსონი დილემის წინაშე დგას. ერთის მხრივ ის განიცდის ადმინისტრაციის და საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლას და ასევე, იძულებულია ანგარიში გაუწიოს პარტიის მეორე, უკიდურეს ფრთას, რომელიც უკრაინის დახმარებას ეწინააღმდეგება და სპიკერის სავარძელსაც ემუქრება.

ამ დილემის ფონზე გადადგმული ჯონსონის ნაბიჯები ადასტურებს, თუ რამხელა ზეწოლის ქვეშაა ქვედა პალატის სპიკერი. აბსოლუტურად გაურკვეველი იყო განცხადება, რომლითაც ჯონსონი ალექსეი ნავალნის სიკვდილს გამოეხმაურა. მან პუტინს სასტიკი დიქტატორი უწოდა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ, რათა პუტინმა ომის დაფინანსება ვეღარ შეძლოს. თუმცა ჯონსონს არ უხსენებია ის, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, სწორედ მის ხელშია.

ამერიკის ადმინისტრაცია და სენატორები ცდილობენ, შიდაპარტიული დაპირისპირების მიზეზით, კიევისთვის შექმნილი უმძიმესი ვითარება ოდნავ მაინც განმუხტონ. სენატის დელეგაცია, კვირის ბოლოს, უკრაინაში, პოლიტიკური თანადგომის კიდევ ერთხელ დასადასტურებლად ჩავიდა.

ავდიივკიდან უკრაინელების გამოსვლა, რუსეთმა იმავე დღეს იზეიმა. კრემლმა პროპაგანდისტული ვიდეო გაავრცელა, თუ როგორ ულოცავს პუტინი თავდაცვის მინისტრ შოიგუს ქალაქის აღებას და კიდევ უფრო წინ წასვლის დავალებას აძლევს.

უკრაინის ადმინისტრაციის თქმით, უკიდურესად რთული ვითარებაა ფრონტის ხაზის რამდენიმე ნაწილში, სადაც რუსეთის ძალებს მაქსიმალური რეზერვები აქვთ თავმოყრილი და უკრაინის დახმარების დაგვიანებით სარგებლობენ.

უკრაინის დახმარების გაურკვეველი ვადით დაბლოკვის მიზეზი არა მხოლოდ დონალდ ტრამპია, რომელიც თეთრ სახლში დაბრუნებამდე ახერხებს გეოპოლიტიკური რეალობის შეცვლას. თავისი როლი აქვს მის ამომრჩეველსაც, რომელიც აბსოლუტურად იზიარებს ექსპრეზიდენტის ნაციონალისტურ მიდგომას, რომ "ამერიკაა უპირველეს ყოვლისა" და პრობლემები და საზღვრების საკითხი, ჯერ სახლშია მოსაგვარებელი.

მნიშვნელოვანი როლი აქვთ ეგრეთწოდებულ "რესპუბლიკელ ქორებსაც", რომლებიც ჯერ კიდევ 2014 წელს, ყირიმის ანექსიის დროს, ხმამაღალ განცხადებას აკეთებდნენ და მაშინდელ პრეზიდენტ ბარაკ ობამას, სისუსტეში ადანაშაულებდნენ. 10 წლის შემდეგ, ამ კანონმდებლებს სხვა პოზიცია აქვთ და ეძლევათ შანსი, არჩევნებზე, ბაიდენის პრეზიდენტობის მეორე ვადა აღკვეთონ. თუმცა ეს მიდგომა მაინც სარისკოა და საფასური შესაძლოა რეპუტაციული ზიანი გახდეს.

ჯერ ისევ რთულია ბოლომდე გათვლა, რა პერსპექტივა აქვს, სისხლის სამართლის 91 მუხლით ბრალდებულ ტრამპს, წლევანდელ არჩევნებზე. დააზარალებს ყოფილი პრეზიდენტის საარჩევნო მარათონს ამერიკული მართლმსაჯულება, თუ მოესწრება მსოფლიო, მისი პოლიტიკური ვარსკვლავის მეორედ ამოსვლას.

დღის ამბები