25 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
სპექტაკლი "ვანო და ნიკო" - ერლომ ახვლედიანის მოთხრობებზე შექმნილი სპექტაკლი, რომლის რეჟისორიც რობერტ სტურუაა, ცხოვრების ფილოსოფიაზე, სიკეთესა და ბოროტებაზე მოგვითხრობს

"ორი ბიჭის ამბავი, რომელიც, თითქოს ასახიერებს დღეს რაც ხდება საქართველოში. ერთი არის კეთილი, მეორე არის ეგოისტი და როგორც მერე ირკვევა - ბოროტი", -ამ სიტყვებით აღწერს ერლომ ახვლედიანის არაკებზე შექმნილ საკუთარ სპექტაკლს რეჟისორი რობერტ სტურუა.

ერლომ ახვლედიანის მოთხრობებს ვანოსა და ნიკოზე, სტურუა აბსურდული ლიტერატურის ნიმუშად მიიჩნევს, რომელიც დღევანდელობას ასახავს. საათნახევრიანი დადგმა ადამიანური ბუნების ორ მხარეს შორის ბრძოლაზე გვიყვება.

სპექტაკლში არის ყველა ადამიანური განცდა, გრძნობა, ფიქრი, სიყვარული, მეგობრობა, ღალატი, თავმდაბლობა და დაპირისპირება. ცხოვრების ფილოსოფიის განსახიერებაში ვანო და ნიკო მთავარ როლს თამაშობენ. ვანო არის უფრო კეთილი და სათნო ადამიანის პროტოტიპი ნიკო კი, იმპულსური და ბოროტი.

სპექტაკლში ნიკოს და ვანოს გარდა, კიდევ ერთი მთავარი როლია - 3 ქალ პერსონაჟს ერთი მსახიობი განასახიერებს. ნინო არსენიშვილმა მოძალადე, მოხუცი ბალერინა და უსინათლო ქალი ერთ დადგმაში ითამაშა.

სპექტაკლს ჰყავს წამყვანიც, რომელიც ერლომ ახვლედიანის მოთხრობებში არაა, ის რობერტ სტურუას შემოქმედების ნაწილია. დავით დარჩია ლოთი წამყვანის როლს ასრულებს, რომელიც სპექტაკლს ერთ მთლიანობად კრავს.

რუსთაველის თეატრში კიდევ ერთმა დღემ ანშლაგით ჩაიარა. ნიკო და ვანო სცენაზე მესამოცედ ითამაშეს. სპექტაკლის პრემიერა 2018 წელს თეატრის საერთაშორისო დღეს დაიდგა და რეჟისორის 80 წლის იუბილეს დაემთხვა.

ავტორი: თამუნა უროტაძე

დღის ამბები