IPOA-ს ავტორთა საბჭო საქართველოს ხელოვანების სახელით კობალაძის შეტანილ განცხადებას ეხმაურება
IPOA-ს ავტორთა საბჭო საქართველოს ხელოვანების სახელით კობალაძის შეტანილ განცხადებას ეხმაურება. გთავაზობთ IPOA-ს ავტორთა საბჭოს განცხადებას:
“მოვლენების განვითარება ადასტურებს, რომ კობალაძე ცდილობს, ავტორების ჰონორარების მითვისების ფაქტზე პასუხისმგებლობა აირიდოს და ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანოს.
მას შემდეგ, რაც GCA-ის ქონება და ანგარიშები დაყადაღდა, რაც, დასაბუთებული ვარაუდით, გამოძიებისთვის არსებითი მნიშვნელობის იყო, მან პროკურატურაში განცხადება (საჩივარი) შეიტანა, სადაც ითხოვს, ყოფილი ასოციაცია “გერას” შემოწმებასა და რუსეთიდან დარიცხული თანხების შესწავლას.
კობალაძე ცდილობს, მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, კვლავ შეცდომაში შეიყვანოს პროკურატურა და საზოგადოება.
არაერთხელ თქმულა და კვლავ ვიმეორებთ, არ ვაპირებთ ჩვენი, ქართველი ხელოვანების ჰონორარები ოკუპანტ ქვეყანას დავუტოვოთ. დიახ, სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რუსეთის ასოციაციამ ჩარიცხოს ჩვენი კუთვნილი თანხა და არ დაიტოვოს ბოროტი მიზნებისთვის. იმავეს აკეთებდა თავის დროზე გიგა კობალაძე, თუმცა ის მალულად, ქეშად, პირადად იღებდა ავტორების ჰონორარებს.
სად იყო ამდენი წელი ბატონი კობალაძე, თუ ასეთი “მტკიცებულებები“ ჰქონდა ხელში ან რატომ არ მიმართა აქამდე პროკურატურას?
ნათელია, რომ, ფინანსური საგამოძიებო ინსპექციის შესვლისა და ანგარიშებზე ყადაღის დადების შემდგომ, შეშინდა და ახლა ყველანაირად ცდილობს, ტყუილებითა და ცრუ ბრალდებებით თავის გადარჩენას.
სანამ ბრალს სამართლებრივად წაუყენებენ და ყველა შეიტყობს მისი დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, ვაცხადებთ, რომ გიგა კობალაძე, თავისი კორუფციული წარსულით, გაფლანგული ავტორების ჰონორარებითა და უსამართლო მმართველობით, დარჩა სრულიად მარტო. მეორე მხარეს, კი ვდგავართ საქართველოს ხელოვანები , “GERA”-ს, "GCA”-ს , “GNRA"-ის ავტორები, რომლებიც უკვე, ახალ პლატფორმაზე "IPOA”-ზე ვართ გაერთიანებულები.
ასე რომ, რაც არ უნდა მოიგონოს კობალაძემ, სადაც არ უნდა იჩივლოს, ჭეშმარიტება ერთია და სამართალი გაიმარჯვებს.
და ბოლოს, განსხვავებით GCA-ისგან, რომელსაც კობალაძე ერთპიროვნულად მართავდა - IPOA-ს მმართველ რგოლში ჩვენ თავად ვართ ავტორები - ავტორთა საბჭოს სახით და სწორედ ეს არის IPOA-ს მიერ ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების გამჭვირვალე სისტემის გარანტი.”- წერია განცხადებაში, რომელსაც "ფეისბუქის" გვერდზე მუსიკოსი და IPOA-ს ავტორთა საბჭოს თავმჯდომარე, დავით ევგენიძე ავრცელებს.