25 ნოემბერი 2024,   16:49
ვრცლად
გიგა კობალაძემ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

გიგა კობალაძემ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. ის კომპანია "გერას" საქმიანობის შესწავლას ითხოვს. კობალაძის თქმით, მან განცხადებას თან დოკუმენტებიც დაურთო. იგი საგამოძიებო უწყებას მოუწოდებს, შეისწავლოს, თუ რას ხმარდებოდა ფული და ჰქონდა თუ არა ადგილი თანხის გათეთრებას.

"მტკიცებულებები წარვადგინე იმისა, როგორ ირიცხება რუსეთიდან "გერაში" ფული და როგორ მოძრაობს ეს ფული... დღეს შევიტანე და, წესით, უნდა დაიწყონ მოკვლევა," - აღნიშნა გიგა კობალაძემ.

გამოძიება გიგა კობალაძეს ავტორთა ჰონორარების გაფლანგვა-მითვისებას ედავება. საქართველოს ხელოვანები კი, საქმის გამოძიებისა და მათი კუთვნილი თანხების დაბრუნების მოთხოვნით პროკურატურისთვის კიდევ ერთ საჩივარს ამზადებენ, სადაც 500-ზე მეტი ავტორზეა საუბარი.

საკითხზე განცხადებას ავრცელებს ავტორთა საბჭო, სადაც აღნიშნულია, რომ კობალაძე ცდილობს, ავტორების ჰონორარების მითვისების ფაქტზე, პასუხისმგებლობა აირიდოს და ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანოს. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ გამოძიების დაწყების შემდგომ, "კობალაძე შეშინდა და თავის გადარჩენას ახლა ტყუილებითა და ცრუ ბრალდებებით ცდილობს".

დღის ამბები