საქართველო, სვანეთი და კულინარიული დღესასწაული - ზღვის დონიდან 1500 მეტრზე, თოვლიან მესტიაში, უკვე მეორედ, "გემო ფესტი" დაიწყო. ფესტივალს ბევრი ქართველი და უცხოელი სტუმარი ჰყავს. ადგილობრივი მზარეულები მათ იშვიათი და ნაკლებად ცნობილი ტრადიციული სვანური კერძების ახალი ვარიაციებს სთავაზობენ, რომელთაც ადგილზე ამზადებენ.
20 ადგილობრივი მეწარმე, საოჯახო სასტუმრო და კვების ობიექტი - წელს ფესტივალზე მონაწილეების რაოდენობა გაიზარდა. მონაწილეებს შორის მესტიელი როზა მურღვლიანიცაა. ის, მეორე წელია, "გემო ფესტში" მონაწილეობს და ცდილობს, სვანურ ტრადიციულ ყველს ახალი ელფერი შემატოს.
ახალი ვიზუალით და შეცვლილი ელფერით, ტრადიციული კერძები ყველა თაობის ადამიანისთვის საინტერესოა. ელენე მიქაძისთვის კი გამორჩეული კუბდარის ბურგერი აღმოჩნდა.
"გემო ფესტის" მიზანი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, ადგილობრივი მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადის გაზრდაა. ფესტივალის ფარგლებში, აეროპორტების გაერთიანებამ დამატებითი რეისებიც დანიშნა.
ფესტივალის პირველი დღე კონცერტით დასრულდა. გასტრონომიული დღესასწაული მესტიაში ხვალაც გაგრძელდება. "გემო ფესტი" პირველად, 2022 წელს, რაჭაში მოეწყო, შემდეგ წელს კი ქართული გასტრონომიით დაინტერესებულ სტუმრებს ქუთაისმა უმასპინძლა. წელს ქართველ და უცხოელ გურმანებს ტრადიციულ გასტრონომიას, ახალი ვარიაციებით, სვანეთი სთავაზობს.