25 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური კონტროლის მოპოვების რეცეპტი ენმ-ისგან - ოპოზიციური პარტია ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის ინიციატივით გამოდის - რა შეფასებებია პოლიტიკურ სპექტრში

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ხელშეუხებელია - ე.წ. ვეტინგის სისტემა კი, სწორედ ამ ფუნდამენტურ იდეას ეწინააღმდეგება. ესაა ის მთავარი მიზეზი, რის გამოც "ქართული ოცნება" ოპოზიციის ინიციატივას იწუნებს. მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ მათი ოპონენტების მიზანი, ამ რეფორმით, სასამართლოზე გავლენის მოპოვებაა. გარდა ამისა, სახელისუფლებო გუნდს გარკვეულ კითხვებს ე.წ. ვეტინგის სისტემის პრაქტიკული მაგალითებიც უჩენს, განსაკუთრებით - უკრაინული მოდელი, სადაც, იგივე მეთოდით, რეფორმა ყოფილი გენერალური პროკურორის, ადეიშვილის, მოადგილემ ჩაატარა.

ე.წ. ვეტინგის სისტემის იდეის ავტორი "ნაციონალური მოძრაობაა". პარტიაში ამბობენ, რომ, სასამართლოს მიმართ ნდობის აღდგენის მიზნით, აუცილებელია მოსამართლეთა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი შეფასდეს. ეს შეფასება კი, უცხოელი ექსპერტების მიერ შემდგარმა ჯგუფმა უნდა გააკეთოს.

"ნაციონალური მოძრაობის" სურვილს - გადამოწმდნენ მოსამართლეები, ეწინააღმდეგება "გირჩი" და პარტია "საქართველოსთვის". მათთვის მთავარ პრობლემას იდეის ავტორი პარტია - "ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენს.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციას რეალური არგუმენტი, რის გამოც ვეტინგის რეფორმის ჩატარება სურთ, არ აქვთ, რადგან ქართული მართლმსაჯულების სამართლიან მუშაობას სტრასბურგის სასამართლოც ადასტურებს. მმართველი პარტიის აზრით, მათი ოპონენტები ახლა მხოლოდ სასამართლოს პოლიტიზებას ცდილობენ.

სასამართლო სისტემის რეფორმა 9 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, რაზეც საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო შეხვედრებიც მიმდინარეობს. სწორედ ასეთ შეხვედრაზე ისაუბრა ოპოზიციამ პირველად ე.წ. ვეტინგის სისტემის განხორციელებაზე.

დღის ამბები