უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების დაწყებიდან ორი წელი გავიდა. ომში მყოფ ქვეყანას, ორი წელია, ცივილიზებული სამყარო მხარდაჭერას უდასტურებს. უკრაინელებისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფა დღესაც დაანონსდა.
ომის დაწყვებიდან ორი წლისთავზე, მსოფლიოს რამდენიმე ლიდერი პირადად ჩავიდა კიევში. დაგეგმილია შეხვედრები ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
უკრაინის დედაქალაქში იმყოფება ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ასევე კიევში ჩავიდნენ იტალიისა და ბელგიის პრემიერ მინისტრები.
გარდა ამისა, განცხადებები გაავრცელეს მსოფლიო ლიდერებმა და ერთხმად აღნიშნავენ, რომ მხარს დაუჭერენ უკრაინას იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება.
უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა აშშ-ის პრეზიდენტმაც.
"როდესაც პუტინმა თავის ჯარისკაცებსა და ტანკებს უკრაინაში შეჭრა უბრძანა, იფიქრა, რომ მსოფლიო გადატრიალდებოდა, მაგრამ უკრაინელები ძალიან ძლიერები არიან. ძლიერია დასავლური გაერთიანება და დემოკრატიაც. ერთად დავუმტკიცოთ პუტინს, თუ რა შეგვიძლია." - წერს ჯო ბაიდენი.