25 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილმა ვენაში გამართულ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) ზამთრის სესიაში მიიღო მონაწილეობა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ვენაში გამართულ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) ზამთრის სესიაში.

სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეებს შეახსენა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონის შესახებ, რომელიც დღესაც უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ერთიანი ბრძოლა საერთო ევროპული ღირებულების დასაცავად.

"ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმ ნორმებისა და პრინციპების შესრულებისთვის, რასაც ევროპული უსაფრთხოება ეფუძნება. დღეს ევროკავშირი არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ სახელმწიფოებს მშვიდობიანად თანაცხოვრება და მუშაობა საერთო მომავლის უზრუნველსაყოფად. მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ეს სივრცე დაუყოვნებლივ უნდა გაფართოვდეს,"-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.

„საქართველომ გამოხატა მტკიცე გადაწყვეტილება, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი და ახლახან შეუერთდა კანდიდატი ქვეყნების ჯგუფს, რომლებიც ევროკავშირში წევრობისკენ ისწრაფვიან“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიებს.

"საქართველოს უწევს გაუმკლავდეს დეზინფორმაციის უზარმაზარ ტალღებს. მის გასავრცელებლად, ხშირად საერთაშორისო ფორმატები გამოიყენება, რაც არასწორ წარმოდგენას ქმნის საქართველოსა და მისი ხელისუფლების შესახებ. ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების გამკლავება გვიწევს, დეზინფორმაციის გაქარწყლებაზე არ უნდა გვიწევდეს დროის დაკარგვა,"-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები