25 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში - ირღვევა თუ არა საქართველოს კანონი

უცხოური ფინანსები ქართულ პოლიტიკაში - პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სქემა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან უცხოური დაფინანსების მისაღებად, "ენჯეოების" დაფუძნებას გულისხმობს. იმის გარდა, რომ საქართველოს კანონმდებლობა, კრძალავს უცხო ქვეყნის ფულის შემოდინებას პოლიტიკაში, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მთავარი პრობლემაა უცხოური ფულით საკუთარი ინტერესის გატარება ქართულ პოლიტიკაში.

პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ. "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე "ევროპის ფონდის" პროგრამის მენეჯერია. ფონდის მიზანი სამოქალაქო ჩართულობის გზით და საგრანტო მექანიზმის გამოყენებით ცვლილებების ხელშეწყობაა. ფონდს აფინანსებს: ევრაზიის ფონდი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), სხვა დონორი ორგანიზაციები და არაერთი ქვეყნის საელჩო.

პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია არის არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ორგანიზაციის მიზნებში მითითებულია კვლევების, ანალიზის, ახალგაზრდა ლიდერების მომზადება სხვადასხვა პოლიტიკური საკითხების და გადაწყვეტილებების შესაფასებლად. არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებს სხვადასხვა ქვეყნის საელჩო, მათ შორის ამერიკის, ნიდერლანდების, პოლონეთის.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ კი დაფუძნებულია "ინოვაციების და განვითარების ფონდი." ვაშაძე ადასტურებს, რომ ფონდი უცხოური წყაროების დაფინანსებით არაერთ პროექტს ახორციელებს.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტიები და კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები საერთო ფინანსებით და საერთო დღის წესრიგით მოქმედებენ, ირიბი გზებით მიღებულ დაფინანსებას კი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.

ხელისუფლების ოპონენტები არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით მიღებულ უცხოურ დაფინანსებაში პრობლემას ვერ ხედავენ. მათი ნაწილი ღიად ამბობს, რომ პარტიები თანხების მოპოვებას სხვადასხვა გზებით ცდილობენ. ნაწილი კი ამ საკითხზე დისკუსიას არასამთავრობო სექტორზე თავდასხმად აღიქვამს.

"ქართული ოცნების" შეფასებით, პრობლემა საქართველოში სხვა ქვეყნების ფინანსების გაუმჭვირვალობაა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ
უცხოური ფონდების დაფინანსება საჯარო არ არის, მათი თანხები კი რეალურად პოლიტიკურ პროცესებს ხმარდება. საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, ოპოზიცია თავის დროზე უცხოური გამჭვირვალობის კანონის მიღებას სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებოდა.

პოლიტიკურ სუბიექტებს უცხო ქვეყნის დაფინანსების მიღებას მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი უკრძალავს.

 

დღის ამბები