დილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ერთდროული სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სპეცრაზმი გამოჩნდა ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.
"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, მაგალითად ინდოეთიდან, რომლებმაც ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე ბინა რამდენიმე დღის წინ იქირავეს. ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათი მიმდინარეობდა კიდევ ერთ ლოკაციაზე.
სპეცოპერაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა სოფელ გლდანში. "კურიერის" ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 60 წლამდე მამაკაცი. ის სამართალდამცველებმა, ცოტა ხნის წინ, საცხოვრებელი სახლიდან ხელბორკილებით გაიყვანეს.
საგამოძიებო მოქმედებები დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამართალდამცველებმა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებები ამოიღეს.