25 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
გიორგი ბარამიძის განცხადება გახარიას პარტიასთან თანამშრომლობის შესახებ - ენმ-ში მათივე თანაგუნდელის ნათქვამი სამჯერ უარყვეს

განხეთქილებაა "ნაციონალურ მოძრაობაშიც", მიზეზი გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობის საკითხია. შეუთანხმებელი განცხადება ამჯერად ვეტერანმა ნაციონალმა გია ბარამიძემ გააკეთა და დაადასტურა, რომ ექსპრეზიდენტისა და ყოფილი პრემიერის გუნდი აქტიურად თანამშრომლობენ.
"არა, არა და კიდევ ერთხელ არა " - ბარამიძის ერთ დასტურს, კირკიტაძის სამი უარყოფა მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობის" მეორე ვეტერანი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობას კატეგორიულად უარყოფს.

არას ამბობს გიორგი გახარიას პარტიაც. ყოფილი პრემიერის გუნდი დღესაც ირწმუნება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მათთვის წითელი ხაზია და სააკაშვილის პარტიასთან კოალიციას ნებისმიერ მოცემულობაში გამორიცხავს. თუმცა მათ ეს არ გამორიცხეს ახლო წარსულში.

ოთხ საკრებულოში ორივე პარტია ახლაც ერთ კოალიციაშია. რუსთავი, ზუგდიდი, წალენჯიხა და ჩხოროწყუ. ეს "ქართულ ოცნებას" საფუძველს აძლევს განაცხადოს, რომ გამიჯვნის დემონსტრაციული მცდელობები ფარსია.

"ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს მათივე თანაგუნდელის ნათქვამი სამჯერ უარყვეს. გია ბარამიძის განცხადებას პარტიის წევრები გაემიჯნენ, ზოგიერთი შეკითხვას გაექცა კიდეც.

გიორგი ბარამიძემ კი საჯაროდ და მკაფიოდ თქვა, რომ გახარიას პარტიასთან "ნაციონალური მოძრაობა" კოალიციას სამომავლოდ არ გამორიცხავს, რადგან მათთან დღესაც თანამშრომლობს. საკრებულოებში არსებული ვითარება ბარამიძისთვის ფაქტის კონსტატაციაა.

გახარიას გუნდს ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთი პასუხი აქვს, მათ შორის მათთანაც, ვისაც ყოფილი პრემიერის წარსულზე კითხვები დღეს აღარ აქვს. ექსპრემიერის პარტია გია ბარამიძის განცხადებას მათი დაზიანების მცდელობას უწოდებს. საკრებულოებში თანამშრომლობას ისევ უარყოფს, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობასთან" მუნიციპალურ დონეზე ოპოზიციური უმრავლესობის ფორმირებას საკუთარ ინტერპრეტაციას უძებნის. გახარიას გუნდი პარალელურად ამტკიცებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მათთვის წითელი ხაზია.

გამიჯვნის უშედეგო მცდელობა - ასე აფასებს "ქართული ოცნება" გახარიას პარტიის მხრიდან ბარამიძისგან დადასტურებული თანამშრომლობის უარყოფას. მმართველი გუნდი ოპონენტებს ახსენებს, რომ საკრებულოებში მათი კოლაბორაცია შემდგარი ფაქტია, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც ვერ მალავენ.

"ნაციონალური მოძრაობა" და გახარიას პარტია რომ უკვე კოალიციაშია, ამაში დარწმუნებულები არიან მათი ოპოზიციონერი კოლეგებიც. მათი აზრით, კონკრეტული პარტიები ხაბეიშვილის გუნდისგან დისტანცირებას წინასაარჩევნო მიზნებით ცდილობენ, თუმცა ისევ სააკაშვილის ელექტორატზე მუშაობენ. ასეთ პოლიტიკურ ძალად ისინი მიიჩნევენ "ლელოსაც", სადაც ასევე ამტკიცებენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" საერთო არაფერი აქვთ. "ლელო" დამოუკიდებელი თამაშის წესებსაც აანონსებს და იმავდროულად ოპოზიციური კოალიციის შექმნასაც.

მმართველი გუნდის შეფასებით, ე.წ. მესამე ძალად პოზიციონირება და ხაბეიშვილის პარტიისგან დისტანცირება "ნაციონალურ მოძრაობასთან" იდეურ კავშირში მყოფმა ძალებმა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ყოფილ სახელისუფლებო პარტიას დამოუკიდებლად, ხელისუფლებაში მობრუნების პერსპექტივა არ აქვს - დაზიანებული იმიჯის და პოლიტიკური წარსულის გათვალისწინებით.

"ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ მათი ოპონენტების სტრატეგია ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა და ე.წ. გადაუწყვეტელი ხმების მოპოვებაა, მიზანი კი, მმართველობაში ისევ "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება.

რა კონფიგურაციით მიიღებს ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას, ჯერ ისევ ბუნდოვანია. ნათელია მათი სტრატეგია - გაემიჯნონ "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებამდე, თუმცა კოალიციური მთავრობის შემთხვევაში ბარიერ გადალახულებს ისევ "ნაციონალური მოძრაობასთან" თანამშრომლობა და მათი ხელისუფლებაში დაბრუნება მოუწევთ. 

დღის ამბები