25 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
ბოლო ანგარიში მეათე მოწვევის პარლამენტში - რა მთავარი საფრთხეები გაანეიტრალა ხელისუფლებამ და რა საკითხებზე ისაუბრა შალვა პაპუაშვილმა მოხსენებაში

პანდემია, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და რადიკალური ოპოზიციის გეგმები - ეს სამი დიდი საფრთხე პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლებამ, გონივრული პოლიტიკის გატარებით გაანეიტრალა. შალვა პაპუაშვილმა დღეს ტრიბუნიდან ოპოზიციაც გააკრიტიკა და სალომე ზურაბიშვილის ქმედებებიც შეაფასა.

არსებული გამოწვევების მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ქვეყანა დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას განაგრძობს და ობიექტური პარამეტრების გათვალისწინებით, ევროკავშირის ბევრ კანდიდატ ქვეყანას უსწრებს. უმთავრესი მიზანი ევროკავშირის წევრობაა. ამ მიზნის მისაღწევად კი, კონკრეტული ამოცანებია გადასაჭრელი. პაპუაშვილი შესასრულებელ პრიორიტეტებში, არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას და ქვეყანაში ჯანსაღი ძალების კოორდინირებულ თანამშრომლობას მიიჩნევს.

თანამშრომლობისთვის რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება - ეს კითხვა დღეს შალვა პაპუაშვილს ოპონენტებმა დაუსვეს და ამ პროცესში მისი პასუხისმგებლობაც შეახსენეს. სპიკერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რა შემთხვევაში წარმოუდგენია ოპოზიციასთან თანამშრომლობა.

დარბაზში შენიშვნები გამოითქვა პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის შინაარსზეც. ოპონენტების მოსაზრება პოპულიზმის მორიგ გამოვლინებად შეაფასა თავად შალვა პაპუაშვილმა.

კითხვებთან ერთად დეპუტატებმა საკუთარი მოსაზრებებიც გამოთქვეს. მმართველი გუნდისთვის პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში, ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებების მორიგი ლუსტრაცია გახდა.

შალვა პაპუაშვილმა კანონმდებლებს, საკანონმდებლო ორგანოს მიერ გასულ წელს გაწეული საქმიანობის სტატისტიკური მონაცემებიც მიაწოდა. მისი ინფორმაციით, 2023 წელს ჩატარდა საქართველოს პარლამენტის 65 პლენარული სხდომა. 65 სხდომიდან 10-ს, რაც სხდომების 15%-ს შეადგენს, ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა და არ დასწრებია. პლენარულ სხდომებზე საქართველოს პარლამენტმა 622 კანონი მიიღო. შალვა პაპუაშვილის წლიურ ანგარიშს დეპუტატებთან ერთად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც ისმენდნენ. საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრემიერ-მინისტრი და აღმასრულებელი მთავრობის წევრებიც იმყოფებოდნენ.

 

დღის ამბები