25 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
ნაფიცი მსაჯულების ჩართულობით, როინ შავაძის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება - საუბარია ყოფილი სპეცრაზმელების ბრალდების ეპიზოდზე

საქალაქო სასამართლოში, ნაფიცი მსაჯულების ჩართულობით, როინ შავაძის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. საუბარია ყოფილი სპეცრაზმელების ბრალდების ეპიზოდზე. დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა მოკლულის მეუღლე, რის მერეც პროცესი დაიხურა.

პროკურორის განმარტებით, არ არის გამორიცხული, დამნაშავე პირთა წრე გაიზარდოს. მისივე თქმით, დაზარალებულის უფლებამონაცვლემ, შავაძის მეუღლემ, დაადასტურა, რომ მკვლელობაში აჭარის კონსტიტუციური დეპარტამენტის თითქმის ყველა თანამშრომელი მონაწილეობდა, მათ შორის - ბრალდებულები.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი ამბობს, რომ მოწმეს არ ჰქონდა ინფორმაცია, ვინ სად იმყოფებოდა მკვლელობის დღეს. ნაფიცი მსაჯულები ორმა ბრალდებულმა მოითხოვა.

დანარჩენი რვა პირის ეპიზოდს მოსამართლე იხილავს. ორი დაკავებულის საქმე ძიებაშია და სასამართლო განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

"დაიკითხა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ციცინო შავაძე, რომელმაც დაადასტურა ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს წინაშე, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყველა წარმომადგენელი, მათ შორის მაღალჩინოსნები, რომლებმაც როინ შავაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზებასა ან თუნდაც მის შესრულებაში მიიღეს მონაწილეობა, უნდა დაისაჯონ. მან განაცხადა, რომ სრულად ენდობა გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულის სკამზე მჯდომი ალი ბალაძე და მამუკა ბერიძე, რომლებსაც, ამ ეტაპზე, ნაფიცი მსაჯულები ასამართლებენ, ნამდვილად იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილას და იღებდნენ მონაწილეობას როინ შავაძის განზრახ მკვლელობაში,“ - აცხადებს პროკურორი ლაშა ბიწაძე.

დღის ამბები