გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ამბობს, რომ შოვის ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ რაჭაში სტიქიის პროგნოზირება შეუძლებელი იყო.
მაია ბითაძე ამ შეფასებას გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნის საფუძველზე აკეთებს, რომელიც თავის მხრივ შვეიცარიელი ექსპერტების მიერ მომზადებულ ანგარიშს ეყრდნობა. პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ შოვის ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ რაჭაში სტიქიის პროგნოზირება შეუძლებელი იყო. ბითაძემ დღეს ისიც თქვა, რომ შოვში დატრიალებული ტრაგედია ოპონენტებმა პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოიყენეს და დეზინფორმაციის რამდენიმე ფაქტიც შეახსენა.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ დასკვნამ გააქარწყლა ყველა ის განცხადება, რომელსაც ოპოზიცია რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ აკეთებდა. დოკუმენტის მიხედვით, ადგილი არ ჰქონია მდინარე ბუბისწყლის აუზში წყლის გრძელვადიან შეგუბებას, გარდა ამისა, ვკითხულობთ, რომ მოვარდნილი მეწყერისა და ღვარცოფის სიჩქარის გამო, ტრაგედიას დამცავი ბარიკადები ვერ შეაჩერებდა და ვერც განგაშის სისტემა უზრუნველყოფდა წინასწარ გაფრთხილებას. ამ ყველა ფაქტიდან გამომდინარე, შვეიცარიელ ექსპერტებთან ერთად გარემოს ეროვნული სააგენტო ასკვნის, რომ წინასწარ სტიქიის პროგნოზირება შეუძლებელი იყო.
დასკვნის მიუხედავად ოპოზიციაში დღესაც ამტკიცებდნენ, რომ სტიქიის პროგნოზირება შესაძლებელი იყო. ის პოლიტიკური პარტიები, ვინც ხელისუფლებას შოვის ტრაგედიის გამო აკრიტიკებდა, ამბობენ, რომ მოვლენების თავიდან არიდება წინასწარი შეტყობინების სისტემით შესაძლებელი იქნებოდა.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია მსგავსი ტრაგედიებით ყოველთვის მანიპულირებს და ამ ფორმით, პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობს. ეს კი, მმართველი პარტიისთვის, სწორედ მათ რადიკალურ ბუნებაზე მეტყველებს.
ოპოზიციის კრიტიკის პარალელურად, სახელისუფლებო გუნდმა დღეს ფაქტ-მეტრიც გააკრიტიკა, რომელმაც მათი თქმით, გავრცელებულ დეზინფორმაციაზე რეაგირება არ მოახდინა. ტრაგედიის შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს მდინარეს კალაპოტი ხელოვნურად შეუცვალეს, რისი გადამოწმებაც საჯარო რუკებითაც შესაძლებელი იყო. საკურორტო ზონაში 60-იან წლებში აშენებულ კოტეჯებზე იწერებოდა, რომ ნაგებობები სულ რამდენიმე წლის წინ აშენდა. დღეს კურიერს "ფაქტჩეკში" უთხრეს რომ იმ პერიოდში დამოუკიდებელი პირების დასკვნის არ არსებობის გამო ინფორმაცია ვერ გადაამოწმეს.
დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილად მიიჩნევს შალვა პაპუაშვილი შოვის ტრაგედიაზე „მთის ამბების“ რედაქტორის გელა მთივლიშვილის სტატიასაც, რომელიც ევროკავშირის პრიზის ფინალში მოხვდა. პარლამენტის თავმჯდომარე საკითხზე განმარტებებს თავად ევროკავშირის წარმომადგენლებსაც სთხოვს და ამბობს, რომ სტატია სიცრუის ტირაჟირებას ემსახურება. თავის მხრივ, პაპუაშვილს გელა მთივლიშვილიც პასუხობს. "მთის ამბების" რედაქტორი საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ეს მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ნაწილია.
განმარტებები გაკეთდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც. უწყებაში ამბობენ, რომ ობიექტური დასკვნის მომზადების მოტივით, ჩართეს საკითხის შესწავლის პროცესში ქართველ ექსპერტებთან ერთად, შვეიცარელი სპეციალისტები.
შოვში მეწყერი 2023 წლის 3 აგვისტოს ჩამოწვა, რასაც 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზე გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა საჯარო რამდენიმე დღის წინ გახდა.