25 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ამ რთულ დროს მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ ერთიანობისა და საერთაშორისო პრინციპებისადმი ერთგულების დემონსტრირება - ირაკლი კობახიძე

"საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ამ რთულ დროს მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელონ უპრეცედენტო ერთიანობის, წესებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისადმი მტკიცე ერთგულების დემონსტრირება,"-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა იენს სტოლტენბერგს მიმართა და განაცხადა, რომ მადლიერებას გამოხატავს NATO-ს მიმართ მისი მტკიცე და მუდმივი მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

"ნება მიბოძეთ, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლიერება NATO-ს მიმართ მისი მტკიცე და მუდმივი მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველო არის NATO-ს ყველაზე ახლო და თავსებადი პარტნიორი. ჩემი პირველი საგარეო ვიზიტი ბრიუსელში, როგორც საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი, კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირებაა იმისა, რომ ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ პარტნიორობას,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, ნატო-ს მისიებში მონაწილეობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში და მოკავშირეებთან ჩვენი თავსებადობის გაზრდაში.

„ჩვენი მხრივ, არ დაგვიშურებია ძალისხმევა, დავდგეთ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ღირებულებებზე, განვახორციელოთ ყოვლისმომცველი რეფორმების დღის წესრიგი და წინ წავწიოთ ჩვენი ინტეგრაციის პროცესი, მიუხედავად შიდა და გარე უსაფრთხოების გამოწვევებისა. ჩვენ ამჟამად გვაქვს შემაშფოთებელი პერიოდები ევროპის უსაფრთხოებისთვის. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რადგან ევროპაში თავისუფლებისა და მშვიდობის პრინციპი საფრთხეშია. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია. ამ რთულ დროს მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელონ უპრეცედენტო ერთიანობის, წესებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისადმი მტკიცე ერთგულების დემონსტრირება. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩვენი მტკიცე ერთგულება ნატო-საქართველოს პარტნიორობის მიმართ და გამოვხატო მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

დღის ამბები