25 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
ნავალნის დედა საუთარი შვილის ცხედარს ითხოვს - რას პასუხობს კრემლი ციხეში გარდაცვლილი ოპიზიციონერის ოჯახს

"ვითხოვ დაუყოვნებლივ დამიბრუნოთ ალექსეის ცხედარი, რადგან მინდა ის ადამიანურად დავმარხო" - ვლადიმერ პუტინს მისი მთავარი ოპონენტის ცხედრის დაბრუნებას ნავალნის დედა სთხოვს, თუმცა უშედეგოდ. კრემლის ნომერ პირველი მტრის ცხედარი გაუჩინარებულია და მას, როგორც მინიმუმ, 2 კვირის განმავლობაში ოჯახს არ გადასცემენ.

რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახური, მიზეზად, მიმდინარე ექსპერტიზას ასახელებს, რომელიც მინიმუმ 14 დღე გაგრძელდება. ნავალნის მეუღლე და დედა დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიციონერი მოკლულია და ხელისუფლება ამის დამადასტურებელი ფაქტების დამალვას ცდილობს.

პატივს ალექსეი ნავალნის ხსოვნას მსოფლიოს დიდ ქალაქებში მიაგებენ. სანთლებით ხელში ასობით ადამიანი გვიან ღამით რომში, კამპიდოლიოს მოედანზე შეიკრიბა. მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა რუსი ოპოზიციონერის მოღვაწეობა გაიხსენეს და პუტინის რეჟიმის ცვლილების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

საკუთარი ქვეყნის ბედი აღელვებს ნავალნის სიკვდილის შემდეგ დონალდ ტრაპს. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა რუსი ოპოზიციონერის გარდაცვალების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. წერილში ტრამპი ვლადიმერ პუტინს არ ახსენებს.

"ალექსეი ნავალნის უეცარმა გარდაცვალებამ კარგად მაჩვენა, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ნელი, სტაბილური პროცესი. გარყვნილი, რადიკალი მემარცხენე პოლიტიკოსები, პროკურორები და მოსამართლეები მიგვიყვანენ განადგურებამდე. ღია საზღვრები, გაყალბებული არჩევნები და სასამართლო დარბაზის უსამართლო გადაწყვეტილებები ანადგურებს ამერიკას. ჩვენ ვართ ერი დაღმასვლაში, წარუმატებელი ერი!" - ამბობს ტრამპი.

დაღმასვლა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აქვს რუსეთს - ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატების აბსოლუტური უმრავლესობა ალექსეი ნავალნის სიკვდილში ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებს. რუსეთის ელჩები დაიბარეს ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ესპანეთის, გერმანიისა და გაერთიანებულ სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებში.

რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის ინფორმაცით, ალექსეი ნავალნიმ თავი შეუძლოდ კოლონიის ეზოში სეირნობის დროს იგრძნო და გონება დაკარგა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება პენიტენციური დაწესებულების მედიკოსებმა აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა, 47 წლის ოპოზიციონერის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ოფიციალურ მიზეზად "უეცარი სიკვდილის სინდრომი" დასახელდა.

დღის ამბები