25 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა ორი" - ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციის საარჩევნო გეგმებსა და ტაქტიკას

ერთი სახელის ქვეშ - "ქართული ოცნება" ყველა იმ პოლიტიკურ სუბიექტს გულისხმობს, რომელიც წარსულში სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი იყო და დღეს, პარტიისგან დისტანცირებას ცდილობს. ეს კი მმართველი პარტიისთვის ფარსია და მხოლოდ ერთ რამეს - გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მობილიზების მცდელობას ემსახურება.

"ნაციონალურ მოძრაობაში" არ მალავენ, რომ სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს წინასაარჩევნოდ ალტერნატიული ცენტრების ჩამოყალიბებაში ეხმარებიან და მხარს უჭერენ. ყოფილ სახელისუფლებო გუნდში მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ პარტიებთან ერთად უნდა შექმნას ოპოზიციამ, გამარჯვების შემთხვევაში, კოალიციური მმართველობა. "ნაციონალური მოძრაობა" მზადაა პროევროპულ პარტიებთან ითანამშრომლოს, ასეთებად ის, "ლელოსა" და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს თვლის.

თავად "ლელო" ვისთან ითანამშრომლებს, არ ასახლებს. მამუკა ხაზარაძის გუნდში ამბობენ, რომ ჯერ ყველა ოპოზიციური სუბიექტის წინასაარჩევნო პროგრამა უნდა მოისმინონ, გადაწყვეტილებას კი სწორედ ამის შემდეგ მიიღებენ. "ლელოსგან" განსხვავებით, ცნობილია პარტია "საქართველოსთვის" პოზიცია. არჩევნებამდე და მერეც, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაშიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას გიორგი გახარიას გუნდი უკვე გამორიცხავს. ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის პარტია მათთვის წითელი ხაზია, წითელია ხაზია "ლელოც". ვისთან იქნებიან კოალიციაში არ ამბობენ, თუმცა ყველა ბოლო კვლევით, პარტია 5 პროცენტიანი ბარიერის დაბლაა.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციის მცდელობა, გაემიჯნოს "ნაციონალურ მოძრაობას", მარცხისთვისაა განწირული, რადგან მათი ყველა ქცევა და განცხადება, სწორედ ყოფილი სახელისუფლებო პარტიის დღის წესრიგში ზის. "ქართულ ოცნებაში" დღეს თქვეს, რომ ოპონენტების ბრძოლა კოალიციური მთვარობისთვის - ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნებას გულისხმობს.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით 8 თვეა დარჩენილი. ჯერ ცნობილი მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთობაა. პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტში მოსახვედრად 5%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

დღის ამბები