25 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
ეს არის სწორედ ჩვენი შეხვედრის მიზანი, რომ საქართველო შევიყვანოთ ევროკავშირში - ოლივერ ვარჰეი

"კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს 2 თვის წინ მიენიჭა, უკვე აჩვენებს სარგებელს, რაც მოაქვს ამ სტატუსს და დივიდენდებიც მოაქვს, არამხოლოდ საქართველოსთვისა და ქართველი ხალხისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც," - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ვარჰეიმ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ 9 რეკომენდაციის განხორციელების გზაზე ტემპი დაჩქარდება.

"მინდა მივესალმო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს აქ, ბრიუსელში. ეს პირველი ვიზიტია, პირველად ვხვდებით ბრიუსელში მას და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დისკუსიის შემდეგ, ჩვენ ძალიან მალე გვექნება შემდეგი შეხვედრა. ძალიან სწრაფად შეუდექით მუშაობას, ძალიან დიდი ტემპით.

უპირველეს ყოვლისა, მიმაჩნია, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს 2 თვის წინ მიენიჭა, უკვე აჩვენებს სარგებელს, რაც მოაქვს ამ სტატუსს და დივიდენდებიც მოაქვს, არამხოლოდ საქართველოსთვისა და ქართველი ხალხისთვის, არამედ, ევროკავშირისთვისაც. ეს არის ზუსტად ის მიზეზი, რის გამოც თუ რაიმე დასკვნა უნდა გაკეთდეს დღევანდელი დისკუსიის საფუძველზე, ეს გახლავთ შემდეგი, შევთანხმდით, რომ დავაჩქარებთ ჩვენი მუშაობის ტემპს იმისთვის, რომ ევროკავშირისა და 9 რეკომენდაციის განხორციელების გზაზე მოხდეს შედეგების დადება და სამოქმედო გეგმის შესრულება იმისთვის, რომ ნამდვილად ევროპულ სახელმწიფოდ იქცეს ქვეყანა, ასევე, ევროპის ერთიანი ბაზრის წევრი გახდეს.

მოდით სათითაოდ გავიაროთ ეს პუნქტები - ჩვენ ვნახეთ, რომ გაფართოების ამოცანებში, საქართველოს შეუძლია ნაბიჯების გადადგმა, ეს არის ჩვენი ლიდერების გადაწყვეტილება. ზუსტად ამიტომ უნდა მოხდეს კაპიტალიზაცია და სწორედ ამიტომ ვთხოვთ ქართველ მეგობრებს, რომ დააჩქარონ ტემპი სასამართლო რეფორმისა და სხვა მიმართულებებით.

ერთად გავიარეთ 9 ნაბიჯი, იმისთვის, რომ ჩვენც მოვემზადოთ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. ეს არის სწორედ ჩვენი შეხვედრის მიზანი, რომ საქართველო შევიყვანოთ ევროკავშირში.

ჩვენ არ გავჩერდებით, ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს წინ და გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ქვეყანამ, რომ ჩვენი მიმართულებით გამხდარიყო ასპირანტი ქვეყანა, ამას განაპირობებს.

ჩვენ ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ უკვე მობილიზებულია 1.9 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია. ეს არის შეტანილი საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმაში. ეს არის ინვესტიციები, რომელიც პირდაპირ ეკონომიკაში შევა და მოხდება კაპიტალდაბანდება ისეთ სექტორებში, როგორიც არის ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ფინანსებზე წვდომა, საშუალო ბიზნესი, გარემოს დაცვა, ადამიანის უფლებები და განვითარება. ეს ის ინვესტიციებია, რომლებიც უკვე ზრდის სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს. მიმაჩნია, რომ ეს გეგმა კიდევ უფრო მეტი პოტენციალის მქონეა და შესაძლოა უფრო სწრაფად და მეტად იქნეს გამოყენებული ქვეყანაში. შესაძლოა ყველაზე ხელშესახები პროექტი, რაც გვაქვს, არის შავი ზღვის ელექტროენერგიის და ინტერნეტის ფართოზოლოვანი კაბელის პროექტი. ეს არის ის მასშტაბური პროექტი, რომელიც იქნება სახელმძღვანელო სხვა პარტნიორებისთვის, არამხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, არამედ, სხვა რეგიონებში," - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

დღის ამბები