25 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
"ლელოს" დაპირება და პენსიების 1000 ლარამდე ზრდა - როგორ აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობაში ხმაურიან წინასაარჩევნო დაპირებას

"ლელოში" ისევ ამტკიცებენ, რომ პენსიებს 1000 ლარამდე გაზრდას ქვეყანაში ევროპული ინვესტიციების მოზიდვით შეძლებენ, თუმცა როგორ აპირებენ საპენსიო ფონდში რამდენიმე მილიარდის მობილიზებას, რუსეთისთვის სანქციების დაწესების პარალელურად - უცნობია. ექსპერტები და პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ მსგავსი ნაბიჯების გადადგმა ეკონომიკის გარდაუვალ შემცირებას გამოიწვევს.

შეუსრულებელი პირობები და დაუსრულებელი პროექტები დღეს "ლელოს" მმართველი გუნდიდან შეახსენეს. "ქართულ ოცნებაში" ისიც თქვეს, რომ მამუკა ხაზარაძეს საქართველოში ევროპული ინვესტიციების მოზიდვა ახლაც შეუძლია, მაგრამ, სახელისუფლებო პარტიის ინფორმაციით, ის რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობს.

მათემატიკას "ლელოს" ოპოზიციონერი დეპუტატებიც უწუნებენ. პოლიტიკურ გაერთიანება "გირჩში" ფიქრობენ, რომ ხაზარაძის ამ დაპირებას ლოგიკური განვითარება არ გააჩნია. გახარიას პარტიაში "ლელოსთან" გამართულ დებატებს იხსენებენ და ამბობენ, რომ ხაზარაძის მიერ დაპირებული 1000 ლარიანი პენსიების კორექტირებაში წვლილი თავადაც შეიტანეს, რადგან ოპონენტები ამ წინასაარჩევნო გზავნილის აბსურდულობაში დაარწმუნეს.

ამომრჩეველთა მიზანმიმართული მოტყუება - ასე აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობაში "ლელოს" ხმაურიან წინასაარჩევნო დაპირებას. ამბობენ, რომ, ეკონომიკის ვარდნის პარალელურად, პენსიების გაზრდა შეუძლებელია და ეს მამუკა ხაზარაძემაც იცის. "ქართულ ოცნებაში" ასევე დარწმუნებულები არიან, რომ "ლელოს" არც რუსეთისთვის სანქციების დაწესების და არც ეკონომიკისა და პენსიების გაზრდის რესურსი არ აქვს.

სახელისუფლებო თუ ოპოზიციური პარტიებისგან მიღებული კრიტიკის შემდეგ, "ლელო" ხმაურიან დაპირებას არ ცვლის. თუმცა დაკორექტირდა გზავნილი - პარტიაში ახლა ამბობენ, რომ, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პენსია, პირველივე თვეს, 200 ლარით გაიზრდება, 1000 ლარს კი 2028 წლისთვის მიაღწევს.

 

დღის ამბები