ალექსეი ნავალნის ცხედარი სალეხარდის საავადმყოფოს მორგშია. ეს იმის მიუხედავად, რომ გარდაცვლილი პატიმრების გადასვენება, როგორც წესი, სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ხდება. პერიმეტრს სამართალდამცველები აკონტროლებენ. საავადმყოფოში არც ნავალნის ოჯახის წევრებს, არც ექსპერტებს და არც ადვოკატებს უშვებენ. ოპოზიციონერის მეუღლე დარწმუნებულია, რომ რუსეთის ხელისუფლება სიკვდილის მიზეზის გაყალბებას ცდილობს. იულია ნავალნაიამ, მეუღლის გარდაცვალებიდან მესამე დღეს, პირველი ვიდეო მიმართვა გაავრცელა და მოსახლეობას ბრძოლისკენ მოუწოდა.
ადგილობრივი გამოცემები წერენ, რომ ცხედარს სხეულზე სისხლჩაქცევები აღენიშნება. ჯერჯერობით უცნობია, ეს არის ძალადობის თუ სამედიცინო მანიპულაციის კვალი. საკუთარი არგუმენტები, ტელეკომპანია "დოჟძის" ეთერში, დღეს ნავალნის თანაგუნდელებმაც დააფიქსირეს.
მათ ვინც, ნავალნის გარდაცვალებას გლოვობს, რუსი სამართალდამცველები აკავებენ. უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში, პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე აიყვანა. ბორკილები დაადეს სასულიერო პირსაც, რომელსაც ოპოზიციონერისთვის პანაშვიდის გადახდა უნდოდა.
შესაძლოა, ვნებათაღელვა, რომელიც ნავალნის გარდაცვალებას მოჰყვა, დიდხანს ვერ გაგრძელდეს. რუსი ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ, ამ ეტაპზე, ქუჩის პროტესტს აზრი არ აქვს. პოლიტოლოგები უკმაყოფილების გამოხატვის ალტერნატიულ მეთოდზე საუბრობენ.
ალექსეი ნავალნის ოჯახისა და დასავლეთის ბრალდებებს პირდაპირი ადრესატი - პუტინი დღეს არ გამოხმაურებია. სატელეფონო კომენტარი მისმა პრეს-სპიკერმა გააკეთა. პესკოვი საზოგადოებას ურჩევს, ექსპერტიზის პასუხს დაელოდოს და კრიტიკული განცხადებებისთვის დასავლეთსაც აკრიტიკებს.
პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი აქტიური მოწინააღმდეგე, 2020 წელს, ნოვიჩიკოთ მოწამლეს. გერმანიაში ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნდა. ოპოზიციონერი ექსტრემიზმის ბრალდებით დააკავეს და 19 წელი მიუსაჯეს. ნავალნი, თავდაპირველად, ვლადიმირის რეგიონში იხდიდა სასჯელს, მაგრამ, გასული წლის ბოლოს, გადაიყვანეს "სპეციალური რეჟიმის" სასჯელაღსრულების კოლონიაში, რომელიც იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში მდებარეობს. ამ კოლონიიდან გავრცელდა ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ.