25 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტი, სადაც ყველა საკვანძო პოზიციას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები იკავებენ - როგორ გადანაწილდა თანამდებობები კოალიციაში

პრემიერი-გიორგი ვაშაძე, შს მინისტრი დიმიტრი შაშკინი, თავდაცვა - თინა ხიდაშელი, სუს-ის უფროსი ნიკა გვარამია, ეკონომიკის მინისტრი პაატა მანჯგალაძე - ეს არასრული სიაა იმ ჩრდილოვანი კაბინეტის, სადაც 8 პორტფელს ყოფილი სახელისუფლებო გუნდის სახეები, დანარჩენს კი "ლელო" და გახარიას პარტიის წევრები იკავებენ.

საუბარია, ასევე, რომ ჯანდაცვის მინისტრად სოფო ჯაფარიძე განიხილება, ფინანსთა სამინისტროში პეტრე ცისკარიშვილი, იუსტიციაში, შესაძლოა, ეკა ბესელია ან ნინო ლომჯარია ვიხილოთ, არ არის გამორიცხული, განათლების მინისტრად ნათია მეზვრიშვილს განიხილავდნენ.

მმართველი გუნდისთვის გაუგებარია, რატომ არ მოხვდა ოპოზიციის ჩრდილოვან კაბინეტში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მაშინ, როცა სიმულაციურ მთავრობას ყველაზე მეტი მინისტრი სწორედ ამ პარტიიდან ჰყავს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კოალიციის სახელით შეფუთული მინისტრთა კაბინეტი, რეალურად, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებას ნიშნავს.

ჩრდილოვან სამთავრობო გუნდზე საუბარს დღეს ნაადრევს უწოდებს პრემიერობის კანდიდატად დასახელებული გიორგი ვაშაძე. მის პარტიაში კი კოლეგებისთვის, სამომავლო კოალიციაში, კვოტებს მათ მიერ აღებულ პროცენტებს უკავშირებენ. ჩრდილოვან კაბინეტში საკუთარ თავს ვერც 3 პორტფელით წარმოდგენილი "ლელო" და გიორგი გახარიას გუნდი ხედავს. ამ ორი პარტიიდან ჩრდილოვან კაბინეტში ინფრასტრუქტურა მამუკა ხაზარაძეს, საგარეო უწყება სალომე სამადაშვილს, შერიგების სამინისტრო კი გრიგოლ გეგელიას ჩაბარდება. პარტია "საქართველოსთვის" წევრებს მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხვდათ წილად, მინისტრის პოზიციაზე ბექა ლილუაშვილი ან შალვა კერესელიძე განიხილებიან.

კოალიციური კაბინეტის საკითხის გააქტიურებას სახელისუფლებო პარტიაში სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას უკავშირებენ. პრეზიდენტმა კოალიციური მთავრობის აუცილებლობაზე "ევროაქტივთან" ინტერვიუში ისაუბრა. კანონმდებლების აზრით, ზურაბიშვილის განცხადებები, "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში მობრუნების გეგმის შემადგენელი ნაწილია, ჩრდილოვან კაბინეტში მიხეილ სააკაშვილის არდასახელება კი - პოლიტიკური ტაქტიკა.

შეათანხმა თუ არა "ნაცმოძრაობამ" ჩრდილოვანი მთავრობის მოდელი მიხეილ სააკაშვილთან - პარტიაში ამ კითხვას არ პასუხობენ. ამბობენ, რომ პატიმარი ექსპრეზიდენტი საარჩევნო საკითხებში აქტიურად იქნება ჩართული. მათი თქმით, კაბინეტის ფორმირებაზე ახლა საუბარი ნაადრევია. ინფორმაციას სუს-ის უფროსის კანდიდატობაზე აბსურდულს უწოდებს ნიკა გვარამიაც. მან სოცქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ბოდვა უწოდა.

"ნაციონალური მოძრაობის", "ლელოსა" და პარტია "საქართველოსთვის" ერთობას მიხეილ სააკაშვილის პარტიის ახალ საარჩევნო ტაქტიკას უწოდებენ მმართველ გუნდში. უმრავლესობის აზრით, კომბინაციების ცვლილების მიუხედავად, ყოფილ სახელისუფლებო პარტიას მთავრობაში დაბრუნების შანსი აღარასდროს ექნება.

საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით 8 თვეა დარჩენილი. ოპოზიცია კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებაზე უკვე მუშაობს. ჩრდილოვან კაბინეტში კი ყველა საკვანძო პოზიციას "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები იკავებენ.

დღის ამბები