25 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
რადოსლავ სიკორსკიმ საქართველოს პრეზიდენტს სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა - არღვევს თუ არა პოლონეთის პირველი დიპლომატი ეტიკეტს

ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელები მოქმედ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას სთხოვენ. მხარდამჭერები, სალომე ზურაბიშვილთან წარსადგენად, ხელმოწერებს აგროვებენ და ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს უკანონოდ იხდის.

ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა" ზურაბიშვილს ხელმოწერებს გადასცემს, საქართველოს პრეზიდენტს სააკაშვილის გათავისუფლებისკენ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა. რადოსლავ სიკორსკიმ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის გათავისუფლებაში საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია. მმართველი გუნდის შეფასებით, ეს შემთხვევით არ მომხდარა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის, რომლებიც ხელისუფლებას პარტნიორების რეკომენდაციების გაზიარებას ურჩევენ. თუმცა, ოპოზიციაში, სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, განსხვავებული მოსაზრებაც არსებობს.

რადოსლავ სიკორსკის მიერ გაკეთებული განცხადება არადიპლომატიურია მმართველი გუნდის წევრებისთვის, რომლებიც პოლონეთს გასული წლის ზაფხულში მომხდარ სკანდალს ახსენებენ, როდესაც ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა კლინიკიდან, მალულად, სააკაშვილის ნიმუშის გატანა სცადა. მსჯავრდადებული პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნა სახელისუფლებო გუნდის წევრებისთვის ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევა და ქართული კანონმდებლობის შეურაცხყოფაა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილი, მიუნხენში, უსაფრთხოების მე-60 კონფერენციის ფარგლებში ესაუბრა. ბავარიის დედაქალაქში საქართველოს პრეზიდენტი, კონსტიტუციით გათვალისწინებული, მთავრობის ნებართვის გარეშე იმყოფებოდა.

დღის ამბები