Journal of Vacuum Science & Technology B-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ გამოჩნდა ახალი ხელის მოწყობილობა, რომელსაც ნერწყვის ნიმუშით ძუძუს კიბოს ბიომარკერების აღმოჩენა შეუძლია.
ინოვაციური ბიოსენსორული აპარატი პორტალური და მრავალჯერადი გამოყენებისაა. მას ერთ ნიმუშზე ანალიზისთვის სულ რაღაც ხუთი წამი სჭირდება, რაც მას უაღრესად ეფექტურს ხდის. ტესტის გაკეთება სპეციფიკური ანტისხეულებით დამუშავებული ქაღალდის საშუალებით ხდება, რომელიც კიბოს ბიომარკერებთან შედის ურთიერთქმედებაში.
ნერწყვის ნიმუში ქაღალდზე დაიტანება, რის შემდეგაც ბიოსენსორულ მოწყობილობას ელექტრო იმპულსები ეგზავნება, რაც თავის მხრივ ბიომარკერებს ანტისხეულებთან აკავშირებს და ელექტროდზე მუხტსა და ტევადობას ცვლის. საბოლოოდ კი აპარატი ბიომარკერების ზუსტ რაოდენობას აჩვენებს.
დიაგნოზირების მეთოდთან ერთად, ინოვაციურია მისი დიზაინიც, რაც მის გამოყენებას სხვა ალტერნატივებთან შედარებით უფრო კომფორტულს ხდის. მამოგრაფია, ულტრაბგერითი კვლევა და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და დიაგნოზირებას რამდენიმე კვირასაც კი ანდომებს. ახალი ტექნოლოგია კი უფრო ეკონომიურია, ვინაიდან ტესტის ღირებულება რამდენიმე ცენტს, ხოლო მრავალჯერადი გამოყენების მიკროსქემის ფასი სულ რაღაც ხუთ დოლარს შეადგენს. აღნიშნული მნიშვნელოვან ცვლილებას მოახდენს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ძვირადღირებული კვლევების ჩასატარებლად არ გააჩნიათ საკმარისი ფინანსური რესურსი.
ბიოსენსორისთვის საკმარისია ნერწყვის ერთი წვეთი, რისი მეშვეობითაც ის ზუსტ პასუხებს მაშინაც კი იძლევა, როცა ნიმუშში კიბოს ბიომარკერის კონცენტრაცია ერთ მეკვადრილიონედ გრამს წარმოადგენს.