ქართველი ხელოვანები მიმართვას ავრცელებენ:
,,გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტს, რომელიც ჩვენი საქმიანობის დისკრედიტაციას და როგორც საავტორო უფლებათა ასოციაციის, ისე თითოეული ჩვენგანის იმიჯის შელახვას ემსახურება.
რა თქმა უნდა, ამ მადისკრედიტირებელი კამპანიის უკან გიგა კობალაძე დგას, რომელიც ცდილობს, საკუთარი დანაშაული გადაფაროს და ამისთვის ყველა ხერხს იყენებს. როგორც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, გიგა კობალაძის და მისი ასოციაციის წინააღმდეგ ავტორებს შეტანილი გვაქვს საჩივარი. გამოძიება კი, 14 მილონამდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის არის დაწყებული. Მას შემდეგ რაც საქმის ძირფესვიანად შესწავლის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა კობალაძის ასოციაციაში, ის მეტად გააქტიურდა, რათა ბრალდებებითა და სხვების დადანაშაულებით თავი გადაირჩინოს. ჩვენდა სამწუხაროდ, მის ცრუ ბრალდებებზე შეთითხნილ “ნიუსებს” მედიაც ხელს უწყობს, რაც საბოლოო ჯამში გვაზიანებს ქართველ ხელოვანებს და იმ საერთო საქმეს, რომლისთვისაც ამდენი ხანია ვიბრძვით - სამართლიანობის აღდგენას ექმნება საფრთხე.
კობალაძე, რომ ავტორების ჰონორარების 50 პროცენტს ითვისებდა, ეს თურმე რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლა ყოფილა და თუ ავტორთა გაერთიანება IPOA ღირსეულ ჰონორარებს გადაუხდის ქართველ ხელოვანებს - ეს რუსული ოკუპაციის ხელშეწყობაა. მაშინ, როცა ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ ეს ადამიანი წლობით ჩვენს ჰონორარებს იპარავდა, რაზეც დაიწყო გამოძიება- ეს უხეში სპეცოპერაცია ყოფილა დემოკრატიის წინააღმდეგ, ხოლო დემოკრატიის ზეიმი, როცა კობალაძე ავტორებს ხმის ამოღების, შეკითხვის დასმის გამო გვრიცხავდა. Დემოკრატია იყო ისიც, რომ კრებებს კერძო სპეცრაზმის საშუალებით ატარებდა და ჩვენს ავტორებს, ჩვენივე ასოციაციაში, ჩვენივე კრებებზე არ გვიშვებდა.
როგორ უნდა დავიჯეროთ იმის, რომ ტელევიზიას ობიექტურად აინტერესებს სიმართლე, როცა ჩვენ რუსული ინტერესების გამტარებელ ქართველ ავტორებად მოგვიხსენიებთ, მაშინ როცა ერთი სიტყვაც კი, არ გითქვამთ კობალაძის რუსულ კავშირებზე, რომელიც ჩვენივე შექმნილ საგამოძიებო ფილმშია ხაზგასმული და არასდროს ამ თემით არ დაინტერესებულხართ. Ასევე, არცერთ ჩვენგანს არ დაგვკავშირებიხართ და არ გადაგიმოწმებიათ ის საკითხები, რაზეც ასე დაბეჯითებით იტყუება გიგა კობალაძე. ამასთანავე ავრცელებთ დეზინფორმაციას, რომ IPOA და GERA ერთი და იგივე ასოციაციაა და ჩვენი ინიციატივით შექმნილ ორგანიზაციას კვლავ გერას უწორდებთ, მაშინ როცა IPOA-ში გაწევრიანებულია სამივე ასოციაციის (GCA; GERA; GNRA;) წევრები.
სამწუხაროა, რომ იმის მაგივრად ქართული მედია ჩვენს ინტერესებს იცავდეს, უკვე მერამდენედ ცდილობთ, ჩვენი ჰონორარების ქურდი - მსხვერპლად, ხოლო ქართველი ავტორ-შემსრულებლები- რუსეთის აგენტებად გამოგვიყვანოთ. არ გვახსენდება თქვენი ინტერესი ჩვენი პრობლემების მიმართ და არც თქვენგან ამოღებული ხმა გვახსოვს - ჩვენს მხარდასაჭერად.
ნიშანდობლივია, ისიც რომ საუბრობთ ორგანიზაცია GCA-ზე და ორგანიზაციად წარმოგიდენიათ ერთ კონკრეტულ პირს გიგა კობალაძეს და არა ამ ასოციაციის უშუალო ბენეფიციარებს, ჩვენ - ქართველ ხელოვანებს.
და რადგანაც, ჩვენი აზრი თქვენ არ გაინტერესებთ და მხოლოდ ცალმხრივად აშუქებთ მოვლენებს ამ განცხადებით ხმამაღლა გეტყვით, რომ დიახ, ჩვენ ვართ GCA. დიახ, ჩვენ ვართ GNRA… დიახ, ჩვენ ვართ GERA… ჩვენ, 2000-ზე მეტი საქართველოს ხელოვანი სამივე ასოციაციიდან ერთ პლატფორმაზე IPOA-ზე გავერთიანდით და ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს ხელოვანთა 95%-ს… და დიახ, ჩვენ ვიბრძოლებთ - ჩვენი უფლებებისთვის, ჩვენი სიმართლისთვის. აქვე გეტყვით რომ ჩვენ ვართ, იმ ქვეყნის შვილები, რომლის 20% ოკუპირებულია და არავისგან არ მივიღებთ ამ ცრუ, დაუსაბუთებელ და ღირსების შემლახავ ბრალდებებს", - ნათქვამია განცხადებაში.
(R)