25 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
"ცუკერბერგი მანიშნებდა, 30 წამი დაგრჩაო" - მერაბ დვალიშვილის პირველი ინტერვიუ კურიერი P.S-თან დიდი გამარჯვების შემდეგ

სწრაფი შეტევა და კომბინაციის ბოლოს მძიმე დარტყმა მარჯვენა ხელით, რომელსაც ჯერ ვერავინ ვერ გაუძლო. ალექსანდრ ვოლსკანოვსკის გათიშვის შემდეგ, რამდენიმე წამში ილია თოფურიას რეაქციაში ჩანს, რომ გაიაზრა ის, რაც როგორც თავად ამბობდა მთელი კარიერის განმავლობაში ცხადად წარმოედგინა - ბრუტალური ნოკაუტითა და უწყვეტი მოგებათა სერიით იგი UFC-ის ჩემპიონია.

ჩემპიონის ქამრის წელზე მორგების დროს, ილია თოფურიას არ დავიწყებია გამოეხატა პატივისცემა მეტოქის მიმართ, რომელიც შერეული ორთაბრძოლების ლეგენდარული ჩემპიონია და წლების განმავლობაში ფანებს თავი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეაყვარა. UFC-ის პრინიპულ ორთაბრძოლებს მუდამ თან ახლავს აჟიოტაჟი, ე.წ. თრეშთოქი და შოუ, რომელსაც მეტოქეები გვთავაზობენ.

ამ შემთხვევაშიც ასე იყო, თუმცა არც თოფურიას და არც ვოლკანოვსკის წითელი ხაზები არ გადაუკვეთავთ. პირისპირ დგომის დროს და ასევე მაშინაც, როდესაც ჯერ კიდევ ვოლკანოვსკის ქამრით ილია ფოტოებს იღებდა, ურთიერთშეურაცხყოფა არ ყოფილა.

ელ მატადორი ვოლკს ყოველ ჯერზე უდასტურებდა, რომ როგორც პროფესიონალს პატივს სცემს, თუმცა საკუთარი ოცნებისთვის ბრძოლაში ეს ხელს არ შეუშლიდა.

გეგმა ყველას აქვს, ვიდრე სახეში მუშტს მიიღებს - ეს ტაისონის ცნობილი ფრაზაა, რომელიც ბევრი მებრძოლისთვის მტკივნეულ სიმართლესთან შეჯახების აღსაწერად კარგი შეგონება გამოდგა. ასე მოხდა ალექს ვოლკანოვსკის და ჰენრი სეხუდოს შემთხვევაშიც, რომლებსაც ქართველებთან არ გაუმართლათ.

ჰენრი სეხუდოს დიდი გეგმები ჰქონდა, ამბობდა, რომ მერაბ დვალიშვილის დამარცხების შემდეგ, სატიტულო ბრძოლას მიიღებდა და ქამარს კიდევ ერთხელ დაეუფლებოდა. წარსულში UFC-ის ორი წონის ჩემპიონი და ამავდროულად ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში-როდესაც ამ რანგის მეტოქე გემუქრება საქმე სახუმაროდ არ არის. სწორედ ამიტომ, მერაბ დვალიშვილი მზადების პროცესში სრულად ფოკუსირებული იყო. ქართველი "მანქანა" ცნობილია თავისი ტემპით, დაუღალავი ენერგიითა და გდებებით, რომელთა რაოდენობით UFC-ის რეკორდს ფლობს, თუმცა ამჯერად მთავარი კითხვა შემდეგი იყო - აჯობებდა თუ არა დვალიშვილი ჭიდაობაში ლეგენდარულ ჰენრი სეხუდოს.

ბრძოლა ფრთხილად დაიწყო. პირველ რაუნდში სეხუდოს რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა და გაჩნდა განცდა, რომ დვალიშვილს იოლი გასეირნება არ ექნებოდა, თუმცა დარჩენილ ორ რაუნდში მომხდარმა ყველას მოლოდინს გადააჭარბა. ქართველმა მებრძოლმა სეხუდო აშკარად დაჩაგრა. იყო ეფექტური გდებებიც, კონტროლიც და მახრჩობელა ილეთებიც. ამ მომენტებში დვალიშვილმა უპირატესობა იგრძნო და შოუზე გადაერთო. კონტაქტი ჰქონდა ტრიბუნასთან, განსაკუთრებით კი ფეისბუქის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგთან, რომელიც UFC-298-ის ღონისძიებაზე პირადად დვალიშვილის საგულშემატკივროდ მივიდა.

კიდევ ერთი ყოფილი ჩემპიონის დამარცხების შემდეგ, დვალიშვილის ანგარიშზე ზედიზედ 10 გამარჯვება დაგროვდა, რაც ნიშნავს, რომ მას წინ მხოლოდ და მხოლოდ საჩემპიონო ბრძოლა ელოდება.

"ბედნიერი ვარ, ბევრი ვიშრომე. მომიყვანეთ ჩემპიონი, ახლავე ვეჩხუბები 10 რაუნდისთვისაც მზად ვარ. არ დავღლილვარ ვიცინოდი. ჩემი გულშემატკივრის მარკ ცუკერბერგის აქ მოსვლამ გამამხნევა და ხასიათზე მომიყვანა. ყველაფერი შესანიშნავად იყო", - განაცხადა დვალიშვილმა.

ფაქტი, რომ მარკ ცუკერბერგი დვალიშვილს გულშემატკივრობდა, დარბაზშივე ყველას ყურადღების ცენტრში მოექცა. მოგვიანებით ფეისბუქის დამფუძნებელმა ქართველ მებრძოლს პოსტიც მიუძღვნა და გამარჯვება მიულოცა. კურიერი P.S-თან საუბრისას დვალიშვილი ამბობს, რომ ცუკერბერგი ფაქტობრივად მისი კუთხის მეოთხე წევრის რანგში იყო და შეძახილებითაც ამხნევებდა.

შედეგი დადებულია - საქართველოს UFC-ში პირველი ჩემპიონი ჰყავს. ასევე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ილია თოფურიას შემდეგ წელს მეორე ქამრის მოპოვების შანსი მერაბ დვალიშვილს ექნება. ახლა კი გამოხმაურებების და ზეიმის დროა.

ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილის გულშემატკივრები განსაკუთრებულად ზეიმობენ მათ სამშობლოში. ეს მთელი დღის განმავლობაში ჩანდა როგორც სოციალურ ქსელში, ასევე ქუჩებსა თუ ბარებში, სადაც ქომაგები დილიდან იკრიბებოდნენ. საქართველოში MMA-ის გულშემატკივრების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს - ინტერესის და სიამაყის მიზეზი ფაქტია, რომ არსებობს და ამის უკან კონკრეტული სახელები და გვარები დგას, რომლებიც ისტორიას წერენ და როგორც თავად ამბობენ, ეს ჯერ დასაწყისია.

დღის ამბები