200-წლიანი პაუზის შემდეგ, მივიწყებული ტექნიკა- ოქრომკედით ქარგვა ილია მეორის თაოსნობით აღდგა და ხელსაქმის ახალი ეპოქაც დაიწყო. თურმე ადრე, ამ ტექნიკით ჯერ იმპერატორების, შემდეგ პატრიარქების შესამოსელი იქმნებოდა. წარსულთან დამეგობრებული თანამედროვეობით შეიქმნა ილია მეორის სამადლობელი საჩუქარი- პირველი სრულყოფილი შესამოსელი მარგალიტებით, ძვირფასი თვლებით, ოქროს ძაფით და ეს ყველაფერი მხოლოდ ხელით.
შემოქმედებითი ფანტაზია, გემოვნება, ინდივიდუალიზმი, დაუცხრომელი შრომა- თითქმის 1000 დღის განმავლობაში ამ ჯადოქრობით ქმნიდნენ ქართველი ოსტატები პატრიარქის უნიკალურ შესამოსელს, რომელიც მას მხოლოდ ერთხელ, 80 წლის იუბილეზე ამშვენებდა.
გაცილებით დიდი დრო დასჭირდა გარდამოხსნის მოქარგვას. ჯერ ესკიზი შეიქმნა. ფერთა სიმფონია პროცესმა მოიტანა. პროცესის გასამარტივებლად არა, მაგრამ უძველესი ტექნიკის გადასარჩენად მოსწავლეები აიყვანა. ასე გახდა მე ჩვენ, ერთი ქალის აღდგენილი საქმე საერთო. 71 წლის ელმირა ხაშურიდან კვირაში რამდენჯერმე ჩამოდის, შემდეგ უკან ბრუნდება და ამ ცოდნას თავადაც სხვებს უზიარებს. ამბობს, ამ პროფესიას მუდმივად ახლის ძიება სჭირდებაო. უანგაროდ გაწეული შრომა უფრო მეტია, ვიდრე პირადი სიამოვნება.
საერო და სასულიერო ცხოვრებას შორისაა მთელი მისი ცხოვრება - მედავითნე, მასწავლებელი, კულტურული მემკვიდრეობის მცველი, რომელიც თავის საქმეს იქამდე უერთგულებს, ვიდრე სხვებს მისი დახმარება დასჭირდება.