გამარჯვებისთვის იბრძვის ისევ უკრაინა. ომის დაწყებიდან ზუსტად 2 წელი გადის. ომის 725 დღის განმავლობაში, ჯამში ათობით ათასი ადამიანია დაღუპული. საკუთარი სახლის და უკრაინის ტერიტორიის იძულებით დატოვება მილიონობით უკრაინელს მოუწია. ომში ყველა მხარე სხვადასხვა რიცხვებს აქვეყნებს, ამიტომ, რთულია ზუსტი მონაცემების დათვლა.
დღემდე, 3 მილიონზე მეტი ადამიანი, მათ შორის 800 000 ბავშვი რამდენიმე ასეულ კილომეტრზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზთან, უმძიმეს მდგომარეობაში ცხოვრობს - შეზღუდულია წყალზე, საკვებზე, ჯანმრთელობისთვის აუცილებელ მედიკამენტებზე წვდომა. 14 მილიონ ადამიანს უკრაინაში სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება. პრობლემაა განათლების მიმართულებით. ქვეყნის მასშტაბით, ბავშვების მხოლოდ ერთი მესამედი ესწრება გაკვეთილებს სასკოლო ოთახში.
განადგურებული ინფრასტრუქტურა, მიწასთან გასწორებული სახლები, დევნილად ქცეული უკრაინელები - სამწუხაროდ ასეთია 2 წლიანი ომის შედეგი დღეს.