25 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
საქართველო ლევან თედიაშვილს ემშვიდობება - ორგზის ოლიმპიური, ოთხგზის მსოფლიო და სამგზის ევროპის ჩემპიონი, ლეგენდარული ქართველი ფალავანი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველო ლევან თედიაშვილს ემშვიდობება - ორგზის ოლიმპიური, ოთხგზის მსოფლიო და სამგზის ევროპის ჩემპიონი, ქართველი ფალავანი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
 
მისი დამსახურებების ნუსხა დიდია - ის საქართველოს ისტორიაში ერთადერთი მოჭიდავე იყო, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა. ლევან თედიაშვილს მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენიც.

სპორტი და ხელოვნება, ან - პირიქით. ლევან თედიაშვილი საჭიდაო ტატამის მიღმაც გამორჩეული და ნიჭიერი იყო. "ხარება და გოგია" არის ფილმი, რომელშიც მსოფლიო ჩემპიონმა მთავარი როლი შეასრულა. რეჟისორ გიორგი შენგელაიას როლზე მისი დათანხმება გაუჭირდა, თუმცა, საბოლოოდ, ისე ითამაშა, რომ ლევან თედიაშვილი, აზიისა და აფრიკის კინოფესტივალებზე, მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის დააჯილდოვეს. თავად ამბობდა, რომ ეს პრიზი ყველა მოპოვებულ ოქროს მედალს ერჩივნა. გოგია კენკიშვილი მისი პირველი კინოროლი იყო.

მეორე სამსახიობო გამოცდილება რამდენიმე წლის წინ მიიღო. ლევან თედიაშვილი ლევან კოღუაშვილის ფილმში "მეოთხე ბრაიტონი" მთავარ როლს ასრულებს, სადაც რეჟისორი სიუჟეტში ემიგრაციაში მყოფ ქართველებზე გვიყვება. "მეოთხე ბრაიტონში" შესრულებული როლისთვის, ლევან თედიაშვილმა ნიუ-იორკში, "ტრაიბეკას“ საერთაშორისო კინოფესტივალზე, საუკეთესო მსახიობის ჯილდო დაიმსახურა. ფილმი 2021 წლის ოსკარზე იყო წარდგენილი.

ლევან თედიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მწუხარება გამოთქვეს და ოჯახს მიუსამძიმრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
 
 
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი
დღის ამბები