25 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
ციხესთან, სადაც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა, მისი დედა და ადვოკატი ჩავიდნენ - ჩასულებს ცხედარი ადგილზე არ დახვდათ

ციხესთან, სადაც რუსი ოპოზიციონერი გარდაიცვალა, დღეს მისი დედა და ადვოკატი ჩავიდნენ. თუმცა, ჩასულებს ცხედარი ადგილზე არ დახვდათ. მიზეზი გამოძიებით აიხსნა. კრემლს საკითხზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა უკვე ისმის პირველადი ვერსია - თრომბი. არც ვერსიებისa და არც გამოძიების არ სჯერათ ნავალნის ოჯახის წევრებს, მხარდამჭერებსა და საერთაშორისო საზოგადოებას, ვისთვისაც ნათელია, რომ 47 წლის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პუტინის მორიგი მსხვერპლია.

ოპოზიციონერის საჯარო გლოვა რუსეთში თამამი ნაბიჯია, რადგან რეჟიმი ყველაში მტერს ხედავს. ნავალნიში კი მტერი არა მხოლოდ დაინახა, არამედ განიცადა კიდეც. ამიტომაც გახდა ის პუტინის პირადი პატიმარი, რომელიც გუშინ, შუადღის სეირნობისას, მოულოდნელად გარდაიცვალა. პოლარულ ხაზთან მდებარე გამოსასწორებელ კოლონიაში დღეს პოლიტიკოსის დედაც ჩავიდა, თუმცა საპატიმროსგან მხოლოდ ერთი ფურცელი მიიღო, რომელშიც შვილის გარდაცვალების დრო ეწერა.

თავად პუტინი ნავალნის არასდროს ახსენებდა და უცნობია, ახსენებს თუ არა მას ახლა, უკვე გარდაცვლილზე - როგორც ეს ევგენი პრიგოჟინის შემთხვევაში იყო. მომხდარმა ბევრს გაახსენა არა მხოლოდ ის, არამედ ბორის ნემცოვი, ალექსანდრ ლიტვინენკო და ოპონენტების გრძელი სია, რომლებიც პუტინთან წინააღმდეგობის პირობებში ქვეყნის შიგნით, ან ქვეყნის გარეთ კვდებოდნენ. რუსეთის საზღვრებს მიღმა პუტინის სხვა ბევრი დისიდენტი ცხოვრობს, რომლებიც ცდილობენ გააანალიზონ, თუ რა პროცესები შეიძლება მოჰყვეს ნავალნის სიკვდილს რუსეთში.

კითხვაზე, თუ რატომ ეშინოდა პუტინს ალექსეი ნავალნის, ერთი პასუხია: მას, დამაშინებელი რეჟიმის პირობებშიც კი, შეეძლო პუტინის წინააღმდეგ მასების შეკრება. ასეთ დემონსტრაციებზე ის არაერთხელ დაუკავებიათ. სწორედ ნავალნის საგამოძიებო ფილმების შედეგად გაიგო ფართო საზოგადოებამ, პუტინისა და მისი ახლო გარემოცვის კორუფციული სქემებისა თუ გადამალული ქონების შესახებ. თავადვე გახსნა კრემლისთვის საყვარელი ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით” საკუთარი მოწამვლის ფაქტი, როდესაც სპეცოპერაციაში ჩართულ "ეფესბეს" აგენტებს პირადად დაურეკა და გამოტეხა. ბოლო 10-15 წლის მანძილზე, სწორედ ნავალნი გახდა პუტინის მთავარი ოპონენტი, რომელსაც რეპრესიების ურთულესი გზა ერგო. სულ ბოლოს 19-წლიანი პატიმრობით. გაერომ მომხდარის დამოუკიდებელი გამოძიება უკვე მოითხოვა.

“არ დავივიწყებთ, არ ვაპატიებთ” - ამ და სხვა ლოზუნგებით ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივსაცემი აქციები სტიქიურად ეწყობა რუსეთშიც და მის საზღვრებს გარეთ, სადაც, პეტერბურგისა და მოსკოვისგან განსხვავებით, ამის გამო არავის აკავებენ და არც ყვავილებს აქრობენ მემორიალებიდან.

მსოფლიოს დედაქალაქებში ძირითადად ემიგრირებული რუსები იკრიბებიან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ, ნავალნის მოკვლით, მათი უკანასკნელი იმედიც მოკვდა. თუმცა, თავად ოპოზიციონერის ოჯახსა და მის თანამოაზრეებს სჯერათ, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას ყველა დანაშაულზე მოუწევს პასუხისგება.

დღის ამბები