25 ნოემბერი 2024,   16:15
ვრცლად
რატომ ავლებს სააკაშვილი ნავალნისთან პარალელებს - "ოცნება" ექსპრეზიდენტს საპატიმროებში, 2012 წლამდე არსებულ ვითარებას ახსენებს

ალექსეი ნავალნისთან საკუთარი პარალელი პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა "ვივამედის" კლინიკიდან გავრცელებულ წერილში თავად გაავლო. თქვა, რომ პუტინი მას ნავალნის ხშირად ადარებდა. სააკაშვილს დღეს "ქართული ოცნების" წევრებმა თავისი მმართველობის პერიოდში ციხეებში არსებული ვითარება შეახსენეს და უთხრეს ისიც, რომ, მისგან განსხვავებით, ნავალნი სასჯელს უმძიმეს პირობებში იხდიდა.

ოპოზიციის ნაწილისთვის სააკაშვილის მხრიდან ნავალნისთან შედარება გაუგებარია, ნაწილისთვის კი ყოფილი პრეზიდენტის განცხადებაში გასაკვირი არაფერია.

მმართველი გუნდიდან მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ, ნავალნისგან განსხვავებით, დღეს ის სასჯელს კლინიკის კომფორტულ პალატაში იხდის. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გაიხსენა ის განცხადებებიც, რომლებსაც ნავალნი საქართველოსთან დაკავშირებით აკეთებდა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია ნავალნის გარდაცვალების ფაქტს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ამბობენ, რომ, ნავალნისგან განსხვავებით, სააკაშვილმა ჯერ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე თქვა უარი, შემდეგ კი ქვეყანაში, არეულობის მოსაწყობად შემოიპარა. მათივე განცხადებით, მან ქვეყნის ძარცვით მოპოვებული ფული ყალბ კამპანიაში დახარჯა. "ქართულ ოცნებაში" დღეს, ყოფილი ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების კონკრეტული მაგალითებიც გაიხსენეს.

მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება მალევე გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსი ოპოზიციონერი ციხეში გარდაცვლილი იპოვეს.

დღის ამბები