25 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
"2012 წლამდე - მაშინდელი ოპოზიციისთვის, სასამართლო სისტემისა და ტელევიზიებისთვის ჟანგბადი გადაკეტილი იყო" - გვარამიას სატელევიზიო აღსარება და აღიარებული სისტემური დანაშაულები

პოზიციებს ცვლის კიდევ ერთი ძველ-ახალი პოლიტიკოსი - ნიკა გვარამიას სატელევიზიო აღსარება და აღიარებული სისტემური დანაშაულები. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსანი, წლების წინ, მედიისა და სასამართლო სისტემის რეკეტს წლების შემდეგ ამხელს და აღიარებს. როგორც ჩანს, გვარამიას პოლიტიკაში მობრუნების გზა თავისივე ყოფილი პარტიის შეცდომების მხილებაზე გადის.

"2012 წლამდე - მაშინდელი ოპოზიციისთვის, სასამართლო სისტემისა და ტელევიზიებისთვის ჟანგბადი გადაკეტილი იყო" - გვარამიას ეს ნათქვამი წარსულში ქექვა აღმოჩნდა გამარჯვების კოალიციისთვის. მმართველი გუნდისთვის კი აღიარება, რომ გვარამია და მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო მმართველობის კონკრეტულ სისტემას ქმნიდნენ, სადაც თავისუფალი მედია და სასამართლო არ არსებობდა.

ნიკა გვარამიას ინტერვიუ, სადაც ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი მაღალჩინოსანი ამ პარტიის შეცდომებზე ღიად საუბრობს, "ქართული ოცნებისთვის" წინა მმართველობის რეჟიმის გამოააშკარავების მორიგი მაგალითია. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" სისტემის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგის ეს აღიარება იმ სხვაობასაც აჩვენებს, რომელიც წინა და მოქმედ ხელისუფლებას შორის არსებობს. "ქართულ ოცნებაში", საერთაშორისო კვლევებსა და რეიტინგებზე დაყრდნობით, დღეს თქვეს, რომ ქვეყანაში სასამართლოც და მედიაც თავისუფალი და დამოუკიდებელია.

თავად ნიკა გვარამია, უკვე მეორე დღეა, თავის განცხადებებზე, მედიასთან დამატებით კომენტარს აღარ აკეთებს. ჟურნალისტების კითხვებს დღეს არც "ნაციონალურ მოძრაობაში" უპასუხეს. მათ პარტნიორ პარტიაში - "სტრატეგია აღმაშენებელში" კი თქვეს, რომ აქცენტი წარსულზე, ნებისმიერი პოლიტიკოსის მხრიდან, არასწორია.

სხვა ოპოზიციურ პარტიებს ნიკა გვარამიას გულწრფელობაში ეჭვი ეპარებათ. "გირჩში" ფიქრობენ, რომ თუ მთავარი არხის დამფუძნებელი წინა ხელისუფლების შეცდომებს რეალურად არ მოინანიებს, მაშინ, საზოგადოების ნდობის მოპოვება, როგორც "ნაციონალური მოძრაობისგან" დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურას, გაუჭირდება.

სახელისუფლებო გუნდის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ თავად ნიკა გვარამიამ აღიარა წინა მმართველობის დანაშაულები, მას პოლიტიკაში ხელახლა შემობრუნების მორალური უფლება არ აქვს. უმრავლესობა ნიკა გვარამიას ურჩევს, ყველა იმ ფაქტზე, რომელზეც ახლა ღიად საუბრობს, ინფორმაცია გამოძიებასაც მიაწოდოს. კომენტარს აკეთებს პარლამენტის თავმდჯომარეც. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ დანაშაულებრივი სისტემის მთავარი შემქმნელების ახლა გააქტიურება საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველია.

ნიკა გვარამიას ინტერვიუ 2 დღის წინ გავრცელდა. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსანი აღიარებს იმ მძიმე შეცდომებს, რომლებსაც პარტია ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადიოდა. გვარამიამ თქვა, რომ მაშინდელი ოპოზიციისთვის, სასამართლო სისტემისა და ტელევიზიებისთვის ჟანგბადი გადაკეტილი იყო.

დღის ამბები