წლების შემდეგ დარღვეული დუმილი და საზარელი დანაშაულის დეტალები - სექსუალური ძალადობის მსხვერპლი დები, ბიძას ამხელენ. მათ დუმილის დარღვევა და სამართალდამცველებისთვის მიმართვა ბოლო ძალადობიდან 9 წლის შემდეგ შეძლეს. გოგონებმა, სასამართლოში დაკითხვის დროს, უმძიმესი ისტორიები გაიხსენეს. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ დას ბიძა 7 წლის ასაკიდან აუპატიურებდა. 55 წლის მამაკაცს 20-წლიანი პატიმრობა სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა.
“ჩემი ბრალი არ არის, ასეთი რომ ვარ, შენ არ იცი, რას მიკეთებს გ... , როცა მასთან მარტო ვრჩები“ - ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომელიც არასრულწლოვანმა გოგონამ საკუთარ დას მრავალწლიანი სექსუალური ძალადობის შემდეგ მიწერა. წერილში ნახსენები მამაკაცი გოგონას ბიძაა. სწორედ უმცროსი დის მონათხრობი გახდა მთავარი ფაქტორი, რის გამოც დებმა ძალადობიდან 9 წლის შემდეგ სამართალდამცველებს მიმართეს.
შემზარავი ისტორიის მთავარ გმირებს კამერების წინ საუბარი დღესაც უჭირთ, თუმცა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი დები სასამართლოში უკვე დაკითხეს, მანამდე კი უმძიმესი გამოცდილების შესახებ რადიო “თავისუფლებას“ უამბეს.
უფლებადამცველი ანა თავხელიძე დაზარალებული გოგონების ინტერესებს წარმოადგენს. იურისტი "კურიერთან" ჰყვება, რომ ბიძა გოგონებს აიძულებდა, მომხდარი საიდუმლოდ შეენახათ. დაზარალებულების ინტერესების დამცველი ამბობს, რომ, ხანგრძლივი დროის გასვლის მიუხედავად, გამოძიებამ მყარი მტკიცებულებების შეგროვება მოახერხა, სასამართლომ კი საქმე მაღალი სტანდარტით, მსხვერპლთა ინტერესების სრული დაცვით მოახერხა.
განაჩენი უკვე გამოტანილია. არასრულწლოვანი დისშვილების მიმართ გარყვნილ ქმედებასა და გაუპატიურებაში ბრალდებულ 55 წლის მამაკაცს მოსამართლემ, დაუსწრებლად, 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს განაჩენით კმაყოფილია პროკურატურა, რომელმაც პედოფილიაში მსჯავრდებულზე ძებნა უკვე გამოაცხადა.
უცნობია, სად იმყოფება ამჟამად მოძალადე. საქართველოს პროკურატურამ, სამართლებრივი დახმარებისა და დამნაშავის დაკავების მიზნით, ინტერპოლსა და პარტნიორ ქვეყნებს უკვე მიმართა.