25 ნოემბერი 2024,   16:20
ვრცლად
ერთი ზარი და ასობით მგზავრის შეცვლილი მარშრუტი - ვინ არის მამაკაცი, რომელიც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ბრალდებით დააკავეს

ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების სავარაუდო ავტორი 27 წლის გიორგი ზარნაძეა. ბრალდებულმა დუმილი დღეს პირველად სხდომათა დარბაზში, მოსამართლის წინაშე დაარღვია. მას თავის მართლება იმ ფოტოების გამო მოუწია, რომელიც გამოძიებამ ტელეფონში აღმოუჩინა. საუბარია ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ განსახორციელებელი რეისების ამსახველ ინფორმაციაზე, რომელიც დაკავებულს ჰქონდა შენახული.

საბრალდებო სკამზე მჯდომი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მისი ინტერესების დამცველი კი, დღეს გიორგი ზარნაძის გათავისუფლების სანაცვლოდ, მოსამართლეს 20 000-ლარიან გირაოს სთავაზობდა.

მოსამართლემ სახელმწიფო ბრალდების მხარის პოზიცია გაითვალისწინა და დაკავებული წინასწარ ორთვიან პატიმრობაში გაუშვა. პროკურორი დღეს მოსამართლის იმაში დარწმუნებას ცდილობდა, რომ დანაშაული სწორედ გიორგი ზარნაძემ ჩაიდინა.

ზარი ქალაქ ქუთაისიდან უნგრეთში 14 თებერვალს განხორციელდა. ახალგაზრდა მამაკაცმა კომპანია Wizz Air-ის ქოლ ცენტრის თანამშრომელს შეტყობინება გადასცა - ინფორმაცია მათ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ. ავიაკომპანიამ დაუყოვნებლივი გადაწყვეტილება მიიღო და თვითმფრინავი, რომელიც ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით მიფრინავდა, საწყის წერტილში დააბრუნა.

საქმეში სამართალდამცველები, კინოლოგები და გამნაღმველები ჩაერთნენ. რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება არ აღმოჩნდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებულ საგამოძიებო ღონისძიებებს დაზარალებულ ავიაკომპანიაშიც ეხმიანებიან. Wizz Air-მა მედიაში წერილობითი განცხადება გაავრცელა.

"Wizz Air-ი აფასებს საქართველოს ხელისუფლების სწრაფ და პროფესიონალურ რეაგირებას ეჭვმიტანილის ძებნისას. ჩვენი კომპანია 100%-ით ემიჯნება როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ აგრესიას. Wizz Air-ისთვის უმთავრესი პრიორიტეტი ჩვენი მგზავრების, ეკიპაჟებისა და თვითმფრინავების უსაფრთხოებაა,"- ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების არაერთ სხვა ფაქტზეც აწარმოებს. გატარებული ოპერატიული და ფარული ოპერაციების შედეგად უკვე იდენტიფიცირებულია არაერთი კონკრეტული პირისა და ჯგუფის ვინაობა. დადგენილია, რომ შეტყობინებების უმეტესობა უცხო ქვეყნებიდან არის განხორციელებული.

ტერორიზმის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების საქმეზე გამოძიება გრძელდება. 27 წლის გიორგი ზარნაძეს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები