25 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
ილია დარჩიაშვილი საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, სტეფან სეჟურნესთან. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიულოცა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და გამოთქვა მზადყოფნა მასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

"შეხვედრისას, ხაზი გაესვა საქართველოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მისწრაფებების, ძალისხმევისა და მიღწეული პროგრესის აღიარებაა. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მხრიდან ევროკომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების პროგრესს და მადლობა გადაუხადა ფრანგულ მხარეს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ილია დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთი, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, განაგრძობს საქართველოს მიმართ მხარდაჭერის კონსოლიდირებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ მჭიდრო, მეგობრულ კავშირებსა და ნაყოფიერ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, რომელიც ეფუძნება საერთო ევროპულ ღირებულებებსა და ინტერესებს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ მაღალი დონის სტრატეგიული ფორმატის "დიმიტრი ამილახვრის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საქმეში.

აღინიშნა ორ ქვეყანას შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის პოზიტიური დინამიკა და იმედი გამოითქვა, რომ აღნიშნული დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდება", - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას.

დღის ამბები