"ბერლინალეზე" ქართული დელეგაციის წევრები შეხვედრებს აქტიურად მართავენ. ამჯერად, ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ეროვნული კინოცენტრის დელეგაციის წევრებმა, მათ შორის ქართველ რეჟისორებმა და პროდიუსერებმა, შეხვედრა გამართეს სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის ფილმების შესარჩევი კომისიის წევრ რობერტო კუეტო ლერასთან.
შეხვედრაზე დასრულებული ქართული ფილმების შესახებ ისაუბრეს და მიმდინარე პროექტები განიხილეს. ისაუბრეს კინოცენტრის მიერ აღდგენილი ფილმების ჩვენების შესახებაც.
სან-სებასტიანის კინოფესტივალი ა კლასის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კინოფესტივალია.
ფესტივალის მიმდინარეობისას კინოინდუსტრიისა და კინოს სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება.
ინფორმაციისთვის: 15-25 თებერვალს ქ. ბერლინში იმართება 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის მიმდინარეობისას, 15-21 თებერვალს, ტარდება ევროპული კინოს ბაზრობა (EFM). ბაზრობაზე ეროვნული კინოცენტრი, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და „ჯორჯიან ეარვეისის“ მხარდაჭერით, ტრადიციულად, საქართველოს სტენდით არის წარმოდგენილი, რომელიც წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, წარადგენს ახალ პროექტებს, პოპულარიზაციას უწევს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში კინოგადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას.
"ქართული კინოს სათანადოდ წარსადგენად და წარმოსაჩენად დელეგაციაში არაერთი რეჟისორი და პროდიუსერია, რომლებიც შეძლებენ სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლების გაცნობას და დასახავენ გეგმებს, როგორც ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად, ასევე ქვეყნის კინოწარმოების განვითარების კუთხით. ეს ხელს შეუწყობს ქართველი კინოხელოვანების საერთაშორისო კავშირების განმტკიცებასა და მათი მიმდინარე პროექტების წარმატებას.
კინორეჟისორებითა და პროდიუსერებით დაკომპლექტებულ დელეგაციას შეუძლია საკუთარი შემოქმედებითა თუ სამომავლო პროექტებით დააინტერესოს ევროპელი საზოგადოება და ხელი შეუწყოს ქართული კინოს პოპულარობას", - აღნიშნულია კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.