რამაზ გოგიძე, მიხეილ დოიჯაშვილი და ზურაბ ვაშაგაშვილი - ეს ის სამი სამხედრო მოსამსახურეა, რომლებსაც გამოძიება შურისძიების მოტივით ჩადენილ უმძიმეს დანაშაულს ედავება. საუბარია თანამშრომლის დასჯის მიზნით განხორციელებულ თავდასხმაზე. პროკურატურის მტკიცებით, სამი მეგობარი ირაკლი აფრიამაშვილს ჯერ სასტიკად გაუსწორდა, შემდეგ კი პირადი ცხოვრების დეტალების გამჟღავნებით დააშინეს და დაემუქრნენ. გამოძიებით დადგენილია, რომ დაზარალებული შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, მოგვიანებით კი, გარდაცვლილი იპოვეს.
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა სხდომა დახურა იმ მიზეზით, რომ საქმის მასალებში პირადი მიმოწერის ამსახველი ფაქტები დევს. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულებისთვის ცნობილი გახდა, რომ ირაკლი აფრიამაშვილს მათი მეგობრის მეუღლესთან მიმოწერა ჰქონდა, რის გამოც შურისძიება გადაწყვიტეს.
სამხედრო მოსამსახურეებმა დუმილი მოსამართლის წინაშე დაარღვიეს. თუმცა დანაშაული არცერთ მათგანს უღიარებია. ადვოკატი, დღეს, შეეცადა დაემტკიცებინა, რომ საქმეში დანაშაულის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ დევს.
რადიკალურად განსხვავებულია სახელმწიფო ბრალდების პოზიცია. პროკურორი დარწმუნებულია, რომ დაკავებულებმა უმძიმესი ჯგუფური დანაშაული ჩაიდინეს. დაზარალებულს, ქალთან მიმოწერის აღიარება აიძულეს და პირადი ინფორმაციის გამჟღავნებით, სამხედრო ნაწილში ამ ფაქტზე არაფორმალური რეაგირებით დაემუქრნენ.
ირაკლი აფრიამაშვილი ახაშენის ტყეში გარდაცვლილი 11 იანვარს იპოვეს. მშობელი ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს სხეულზე ათობით დაზიანება ჰქონდა, ის ჯგუფურად სცემეს, მოკლეს და თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყვეს.
ოჯახის ვერსიას პასუხი სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გაეცემა. მოსამართლემ სამივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე არსებითი განხილვები იწყება.