25 ნოემბერი 2024,   17:21
ვრცლად
უხელმძღვანელებს თუ არა პრეზიდენტის შეწყალების კომისიას ეკა ბესელია - რა ინფორმაცია გავრცელდა მედიაში

პრეზიდენტის შეწყალების კომისია, რომელიც თითქმის 5 წელია გაუქმებულია, შესაძლებელია აღდგეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, არ არის გამორიცხული, ამ კომისიას ეკა ბესელიამ უხელმძღვანელოს. არსებული ინფორმაციით, კონსულტაციები ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტსა და პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარეს შორის უკვე დასრულდა. ოპოზიციის თქმით, თუ კომისიის აღდგენის ფაქტი დადასტურდა, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება თუმცა, ისინი სკეპტიკურად უყურებენ ხელმძღვანელობის კანდიდატს.

შეფასებებში უფრო მწვავე იყო შეწყალების კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი. ალეკო ელისაშვილი, რომელიც ეკა ბესელიას ამავე თემის გამო ჯერ კიდევ წლების წინ დაუპირდაპირდა ამბობს, რომ მისი კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნა როგორც კომისიას, ისე სალომე ზურაბიშვილსაც დააზიანებს.

თავად ეკა ბესელია "კურიერთან" ფაქტს უარყოფს. ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციები აქვს, თუმცა არა შეწყალების კომისიის ხელმძღვანელად დანიშვნის საკითხზე. "კურიერი" დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც დაუკავშირდა, თუმცა მათ არცერთ შეტყობინებას არ უპასუხეს.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ თუ პრეზიდენტი ეკა ბესელიას შეწყალების კომისიის ხელმძღვანელად დანიშნავს, ეს სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციასთან თანამშრომლობის მორიგი დამადასტურებელი ფაქტი იქნება.

ეკა ბესელია "ქართული ოცნებიდან" წასვლის შემდგე უკვე რამდენიმე წელია პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარეა. ის მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო, ამ პერიოდში კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოთხოვილი ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მან შეწყალების კომისიას ყველაზე მეტი - 608 მოთხოვნით მიმართა.

დღის ამბები