25 ნოემბერი 2024,   17:21
ვრცლად
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისევ მთავრობის ნებართვის გარეშე - მმართველი გუნდის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლად გადაიქცა

მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის საქმიან ვიზიტზე შეთანხმება, ამჯერადაც არ ყოფილა - კონსტიტუცია კი ამბობს, რომ უნდა ყოფილიყო. სალომე ზურაბიშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, ევროკავშირისა და ნატო-ს მომავალზე მსჯელობაში მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარეს მისგან მაღალი მოლოდინები არ აქვს. ამ შემთხვევაში, საქმე პირიქითაცაა.

“ხალხის ძალა” საქართველოს პრეზიდენტს ოქტომბრისთვის ოპოზიციური კოალიციის ლიდერად ხედავს. აქ ამბობენ, რომ მოახლოებული არჩევნებისთვის, პოლიტიკურმა სუბიექტებმა მომზადება უკვე დაიწყეს და ე.წ. “შუაშისტური პარტიების” ერთობა, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად 30-35% -იანი მხარდაჭერის მოპოვებაზე იმუშავებს. ამ გეგმის სათავეში, გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილს ხედავს, მასთან ერთად კი რამდენიმე ქართულ გვარსა და უცხოური ძალას.


“ქართულ ოცნებაში” პროცესებს ასე ხედავენ: პრეზიდენტის სტატუსის გარეშე, ზურაბიშვილი ხიბლს დაკარგავს, დეპუტატის რანგში კი სიმპათიებსაც. მმართველ ძალაში პრეზიდენტს და პატარა პარტიებს “ნაციონალური მოძრაობის” გაგრძელებად ხედავენ. ოპოზიცია კი, ამ მოსაზრებას ყველა პოტენციური კონკურენტის გაშავების კამპანიას უწოდებს.

“ქართული ოცნება” დარწმუნებულია, რომ ოქტომბრის არჩევნებზე, მმართველი ძალა 60 %- იან მხარდაჭერას მიიღებს. ოპოზიციის შანსები კი, მათთვის მოკრძალებულად გამოიყურება - სალომე ზურაბიშვილითაც და მის გარეშეც.


ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტში მისი ბოლო ანგარიშის შემდეგ დაიწყო, რას ითვალისწინებს პრეზიდენტის მიერ დაანონსებული ერთიანი პლატფორმა და ორბელიანის სასახლეში გამართული შეხვეწებია - ჯერ ბუნდოვანია.

დღის ამბები