25 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
"ლელოს" ეკონომიკურ გეგმებს მწვავე კრიტიკა მოჰყვა - ვის სჯერა ხაზარაძის დაპირებების და რა შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში

"ლელოს" ლიდერები ირწმუნებიან, რომ პენსიის 1000 ლარამდე გაზრდა არა ხმამაღალი წინასაარჩევნო გზავნილი, არამედ რეალობაა, რაც ეკონომიკური ზრდით მიიღწევა. 

ნიშნავს თუ არა რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება და რიგ სექტორებში თანამშრომლობაზე უარის თქმა ეკონომიკური ურთიერთობის ფაქტობრივ შეწყვეტას, ან როგორ აპირებს 10-15%-იანი დანაკლისის ფონზე სოციალური დაპირებების შესრულებას - ეს არის კითხვები, რომელიც ოპონენტებს დღეს "ლელოს" მიმართ ჰქონდათ.

"ლელოს" ხმაურიანი დაპირებები დამაჯერებელი არ არის სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის. მათი ნაწილი დღეს ცდილობდა პირდაპირი კრიტიკისთვის თავი აერიდებინა და იმით შემოიფარგლებოდა, რომ "ლელოს" ლიდერებს ამ საკითხზე დებატები და დასაბუთება მოუწევთ. მეორე ნაწილი უფრო ხისტი იყო და პირდაპირ ამბობდა, რომ "ლელოს" ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისგან უბრალოდ "ღმერთმა უნდა დაგვიფაროს".

1000-ლარიანი პენსიის დაპირების შეფასებისას, მრავალფეროვანი ეპითეტები ისმოდა მმართველი გუნდიდან. მაგალითად, "ციფრებში დაკარგულები". ზოგადად, უმრავლესობის წევრი დეპუტატების აზრით, "ლელოს" დაპირებები ურთიერთგამომრიცხავია.

"ლელოს" გზავნილებმა 90-იანი წლების და 2000-იანების დასაწყისის საარჩევნო სლოგანები გაახსენა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტ გურამ ნიკოლაშვილს. ის "კურიერთან" ამბობს, რომ მსგავსი პროპაგანდა დღევანდელი საინფორმაციო ველის გათვალისწინებით, ნაკლებად ეფექტურია და კრიტიკას ვერ უძლებს. ციფრებით საუბრობენ ეკონომიკის სფეროს ანალიტიკოსები, რომლებსაც "ლელოს" დაპირება ასევე არარეალისტურად ეჩვენებათ.

კრიტიკა თითქმის ყველა ფლანგიდან ისმის, თუმცა "ლელო" ამ ეტაპზე, პოზიციას არ ცვლის. პენსიის 1000 ლარამდე გაზრდა კვლავ წამყვან სოციალურ დაპირებად რჩება. ბოლო პერიოდში პარტიამ დააზუსტა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პენსია პირველივე თვეს ჯერ 200 ლარით გაიზრდება და ეს ღირსეული სიბერის უზრუნველყოფისთვის პირველი ნაბიჯი იქნება, 1000 ლარს კი, "ლელოს" გათვლით, პენსია 2028 წლისთვის მიაღწევს.

დღის ამბები