25 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
აკა მორჩილაძე ნობელის პრემიის კანდიდატია - თანამედროვე ქართული ლიტერატურის გამორჩეული სახე, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოზეა წარდგენილი

პროზაიკოსია, მაგრამ ეთაყვანება პოეზიას და ანბანს, რომლითაც საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ლიტერატურის შედევრები და ისტორია იწერებოდა - ეს ყველაფერი და კიდევ უფრო მეტი ქართულ ლიტერატურაზე, 6 წლის წინ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მთელს მსოფლიოს გააგებინა. თქვა ისიც, რომ ქართველები საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ენებიდან თარგმნიდნენ, მაგრამ ჩვენს მწერლებს არავინ. ახლა მისი რომანები როგორც მინიმუმ 8 ენაზეა ნათარგმნი, იცნობენ ყველგან, განსაკუთრებით კი საქართველოში-ეს ბევრისთვის საყვარელი მწერალი გიორგი ახვლედიანი ფსევდონიმით აკა მორჩილაძეა.

სადებიუტო რომანებით "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები" და "მოგზაურობა ყარაბაღში" მკითხველს 90-იანი წლების საქართველო და კავკასია იმ რეალობით დაანახა როგორიც ეს სინამდვილეში იყო. ამას მოყვა სხვა რომანები და მოთხრობები, რომელმაც აკა მორჩილაძეს არაერთი წარმატება და აღიარება მოუტანა. თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე საქართველომ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად წარადგინა. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორებმა მას ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი. აკა მორჩილაძემდე ნობელის პრემიაზე ქართველი მწერლებიდან წარდგენილები იყვნენ ოთარ ჭილაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ბესიკ ხარანაული და დავით მაღრაძე. ლიტერატურის დარგში 2024 წლის ნობელის პრემიის გამარჯვებულს, ოქტომბერში დაასახელებენ.

დღის ამბები