25 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
"კრემლის ყველაზე მწვავე კრიტიკოსი" - ალექსეი ნავალნი პოლარულ ხაზთან მდებარე რუსეთის ყველაზე მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გარდაიცვალა

47 წლის რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და პუტინის პირადი პატიმარი, ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვალა. ინფორმაცია რუსულმა მედიამ დანაშაულის აღსრულების ფედერალური სამსახურის სამმართველოზე დაყრდნობით გაავრცელა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რამდენიმე დღის წინ, 27-ედ მოათავსეს იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიის სადამსჯელო იზოლატორში. რა გახდა იქ ნავალნის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ციხის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პატიმარმა თავი გასეირნების შემდეგ შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კი, მისი გადარჩენა ვერ შეძლო. კრემლში აცხადებენ, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი მათთვის უცნობია.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ოჯახი პასუხისმგებლობას პირადად პუტინს აკისრებს. მათ შორის ნავალნის მეუღლეც, რომელმაც მოსახლეობას კრემლის რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა. სამძიმარს არ იღებს და შვილის ბუნებრივი სიკვდილის არ სჯერა ოპოზიციონერის დედას, რომელიც აცხადებს რომ მისი შვილი, რამდენიმე დღის წინ, სრულიად ჯანმრთელი იყო.

ნავალნის სიკვდილის ერთადერთ მიზეზად პუტინის სადამსჯელო პოლიტიკას ასახელებენ კიევში. ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსი ოპოზიციონერი პუტინმა იმსხვერპლა, რის გამოც რუსეთის პრეზიდენტმა პასუხი უნდა აგოს.

"კრემლის ყველაზე მწვავე კრიტიკოსი და პუტინის ტყვე" - ყველაზე ხშირად ნავალნის დასავლეთში სწორედ ამ სიტყვებით მოიხსენიებდნენ. 47 წლის ოპოზიციონერის გარდაცვალებას ერთმანეთის მიყოლებით გამოეხმაურნენ დასავლელი ლიდერები, მათ შორის შარლ მიშელი, ემანუელ მაკრონი , ენტონი ბლინკენი, ურსულა ფონ დერლაიენი და იენს სტოლტენბერგი.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ, სადაც ის "ნავიჩოკით" მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. რუს ოპოზიციონერს ექსტრემიზმის ბრალდებით 19 წელი მიუსაჯეს.

ნავალნი თავდაპირველად ვლადიმირის რეგიონში იხდიდა სასჯელს, მოსკოვიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 230 კილომეტრში, მაგრამ გასული წლის ბოლოს, "სპეციალური რეჟიმის“ სასჯელაღსრულების კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში მდებარეობს. ოპოზიციონერი დეპუტატი, მის მიმართ წაყენებულ არცერთ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობდა

დღის ამბები