25 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
საქართველო აფასებს უნგრელი მეგობრების მხარდაჭერას და წვლილს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე - ილია დარჩიაშვილი

ბოლო რამდენიმე წელი იყო ყველაზე აქტიური ორმხრივი ურთიერთობების კუთხით, გამყარებული რეგულარული მაღალი დონის შეხვედრებით და მზარდი სექტორული თანამშრომლობით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველო აფასებს უნგრელი მეგობრების მხარდაჭერას და წვლილს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

"მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ვიმყოფები ბუდაპეშტში, რათა გავაგრძელო სიღრმისეული დიალოგი ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგზე. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, ბოლო რამდენიმე წელი იყო ყველაზე აქტიური ორმხრივი ურთიერთობების კუთხით, გამყარებული რეგულარული მაღალი დონის შეხვედრებით და მზარდი სექტორული თანამშრომლობით. დარწმუნებული ვარ, 2023 წლის ოქტომბერში, საქართველოში გამართულ მთავრობათაშორის სამიტზე ხელმოწერილი დოკუმენტები კიდევ უფრო გააძლიერებს საერთო ინტერესებზე დამყარებულ ჩვენს კავშირს. შეხვედრაზე გამოვთქვით მზაობა გავაგრძელოთ მჭიდრო დიალოგი და გავაძლიეროთ ურთიერთობები ყველა მიმართულებით. ცხადია, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს მომავალი თავმჯდომარეობა განხილვის მთავარი თემა იყო,"-განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, უპრეცედენტო იმპულსი შექმნა ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე.

"ეს მნიშვნელოვანი ეტაპი აშკარად ხაზს უსვამს იმ ძალისხმევას, რომელსაც საქართველოს მთავრობა იჩენს მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ჩვენ ვაფასებთ უნგრელი მეგობრების მხარდაჭერას და წვლილს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ბუნებრივია, ჩვენი შემდეგი მიზანია მივაღწიოთ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. ჩვენ მობილიზებული ვართ და მზად ვართ განვახორციელოთ საჭირო რეფორმები. ჩემს კოლეგას გავუზიარე პროგრესი, რომელიც გვაქვს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ძირითადი ნაბიჯების მიმართულებით. გასული წლის დეკემბერში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, კონკრეტული აქტივობებით და ვადებით. სამოქმედო გეგმის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ასევე, შეხვედრაზე განვიხილეთ ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ს იმპლემენტაცია, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებისთვის არის სტიმული, გაღრმავდეს თანამშრომლობა ვაჭრობასა და ეკონომიკაში, ასევე სხვა სექტორებში. დარწმუნებული ვარ, არსებობს კიდევ უფრო დიდი პოტენციალი, რომელიც შეგვიძლია, გამოვიყენოთ ჩვენი საერთო ინტერესებისთვის,"-აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოს მიესალმება უნგრეთის აქტიურ ჩართულობას შავი ზღვის დაკავშირებადობის კუთხით.

"შავი ზღვის დაკავშირებადობა არის ერთ-ერთ მთავარი საერთო პრიორიტეტი ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგში, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს ევროკავშირის "გლობალური კარიბჭის" ინიციატივის განხორციელებაში. საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ და სანდო პარტნიორად. დღევანდელმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა აჩვენა, ურთიერთკავშირების დივერსიფიკაციის აუცილებლობა და ენერგოუსაფრთხოების და სასურსათო უსაფრთხოების ძირითადი გამოწვევების გადაჭრის საჭიროება, როგორც ევროპაში, ისე გლობალურად. გასულ წელს, საქართველო გახდა ევროპის ტრანსპორტის გაერთიანების დამკვირვებელი ქვეყანა, რაც კიდევ ერთ საშუალებას გვიხსნის ევროკავშირის სატრანსპორტო ბაზარზე საქართველოს ინტეგრაციისთვის. ვინაიდან ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაციისკენ, ჩვენი პრიორიტეტები მოიცავს უფრო ეფექტურ ჩართულობას ევროკავშირის პროგრამებში,"-განაცხადა დარჩიაშვილმა.

დღის ამბები