25 ნოემბერი 2024,   17:19
ვრცლად
"სრულ აბსურდ დაპირებებს 90-იანი წლების მსგავსად, ამომრჩეველი სრულიად ირაციონალურ ველში შეჰყავს - გურამ ნიკოლაშვილი ლელოს დაპირებაზე

მამუკა ხაზარაძის პარტია რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნის პარალელურად, პენსიის 1-1000 ლარამდე გაზრდის პირობას გასცემს. პოლიტიკოსების შემდეგ, ინიციატივას ეკონომისტები აფასებენ. მათი თქმით,1000-ლარიანი პენსიის დაწესება არამხოლოდ რუსეთთან კავშირების გაწყვეტის შემთხვევაში, არამედ არსებული მონაცემებითაც შეუძლებელია.

მათი განმარტებით, ოკუპანტ ქვეყანასთან ვაჭრობაზე უარის თქმის პირობებში, საქართველოში ეკონომიკური ვარდნა დაახლოებით 15 პროცენტს მიაღწევს. 

"ჩემი და ჩემი კოლეგების მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაგვანახა, რომ რუსეთის ეკონომიკისთვის სანქციების დაწესებას, შეეძლო საქართველოზე დაახლოებით მინუს 15 პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნის შედეგის მოტანა. თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ და პარალელურად მოგვინდება, რომ გავზარდოთ ხარჯები პენსიაზე 1000 ლარამდე, რასაც დასჭირდება დაახლოებით 10 მილიარდი ლარი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს სრული აბსურდია და შეუძლებელია ამ შედეგის მიღწევა. რადგანაც შეუძლებელია, ერთი მხრივ, ჯიბიდან ფულს იცლიდე და მეორე მხრივ, ამ ჯიბიდანვე შეგეძლოს მეტის დახარჯვა ვიდრე აქამდე ხარჯავდი. შესაბამისად, მსგავსი რამ გამორიცხულია,"- აცხადებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის დეკანი ვახტანგ ჭარაია.

ექსპერტი გურამ ნიკოლაშვილი ხაზარაძის პარტიის დაპირებას სრულ აბსურდს უწოდებს და აცხადებს, რომ ამ დაპირებას ამომრჩეველი სრულიად ირაციონალურ ველში შეჰყავს:

"1000-ლარიან პენსიაზე უკვე უამრავმა ადამიანმა ახსნა, რომ ეს აბსურდია და უბრალოდ ვერ შესრულდება, მაგრამ ამის მიუხედავად, მათ ჯერჯერობით უკან არ დაუხევიათ. ამ სრულ აბსურდ დაპირებებს 90-იანი წლების მსგავსად, ამომრჩეველი სრულიად ირაციონალურ ველში შეჰყავს," - აცხადებს ექსპერტი გურამ ნიკოლაშვილი.

 

დღის ამბები