სამ სამხედრო მოსამსახურეს პატიმრობა შეეფარდა. საუბარია ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე. გამოძიების ინფორმაციით, სამხედროებისთვის ცნობილი გახდა, რომ მათ თანამშრომელს მათივე მეგობრის მეუღლესთან მიმოწერა ჰქონდა, რის გამოც შურისძიება გადაწყვიტეს და თანამშრომელზე საკუთარ სახლთან ფიზიკურად იძალადეს. დაზარალებული სასტიკი მოპყრობის გამო შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, მოგვიანებით კი ის ჩამომხრჩვალი იპოვეს.
"მტკიცებულებათა საეჭვოობასთან დაკავშირებით საუბარი ზედმეტია, ვინაიდან მტკიცებულებები არ არის, ამიტომ რაც არ არის, იმის ანალიზი ბუნებრივია, ვერ მოხდება. ამ ადამიანმა თავი იმიტომ კი არ მოუკლა, რომ ვინმემ ფიზიკური შეურაცხყოფა ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, არამედ იმიტომ მოიკლა თავი, რომ საქციელი, რომელიც არც მას მიაჩნდა სწორად, უბრალოდ გამჟღავნდა და ვფიქრობ, თავისი მაღალი თავმოყვარეობის გამო, გადაწყვიტა ის, რაც მოიმოქმედა კიდეც," - აცხადებს ადვოკატი.
ბრალდების მხარის ინფორმაციით, რამდენიმე მათგანმა ფიზიკური შეხლა-შემოხლის და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები აღიარა.
"წარდგენილ ბრალდებას ისინი არ აღიარებენ, თუმცა ფიზიკური შეხლა-შემოხლის და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები რამდენიმე მათგანმა აღიარა. საქმეში არის არაერთი მტკიცებულება, რომელთა უშუალოდ განხილვას და დეტალებში შესვლას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ მოვახდენთ," - ამბობს პროკურორი, მიხეილ ბერიაშვილი.