25 ნოემბერი 2024,   17:20
ვრცლად
უკრაინის ქალაქები ისევ საჰაერო განგაშის სიგნალმა გააღვიძა - მთელი ქვეყნის მასშტაბით, კიევმა საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა

კურსკში, ნავთობბაზაზე გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ. ადგილზე ათობით მეხანძრე-მაშველი და სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. სტრატეგიულ ობიექტზე იერიში უკრაინულმა დრონებმა გვიან ღამით მიიტანეს. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

საპასუხოდ, საოკუპაციო ძალამ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა. მსხვერპლი მოჰყვა სარაკეტო იერიშს ხარკოვის ოლქში. დაღუპულია ერთი ადამიანი, მძიმედ დაშავდა 7. 14-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო ზოლი. ცეცხლის ქვეშ 7 დასახლება მოექცა. რაკეტის ნამსხვრევებით 12 ადამიანი დაიჭრა. აფეთქებების ხმა ისმოდა ზაპოროჟიეში, ლვოვსა და დნიპროპეტროვსკის ოლქში. რუსეთის თავდაცვის უწყების ანგარიშში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა არც ამჯერად, აგრესიის 723-ე დღეს მოხვდა.

საკუთარ დანაკარგებთან დაკავშირებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია. გენშტაბში ფრონტზე არსებული ვითარება მიმოიხილეს. ტრადიციულ ბრიფინგზე თქვეს, რომ ყველა მიმართულებით, ღამის განმავლობაში, 64 მძიმე შეტაკება დაფიქსირდა, რასაც აგრესორის ცოცხალი ძალისა და მძიმე ტექნიკის განადგურება მოჰყვა.

მძიმე ბრძოლები ახლა ავდიივკას მიმართულებით გრძელდება. აქ, საოკუპაციო ძალის შესაკავებლად, უკრაინელი სამხედროების დამატებითი კონტინგენტის მობილიზება გახდა საჭირო. მდგომარეობას ის ართულებს, რომ აგრესორი შეტევაზე, 3 მიმართულებიდან, პარალელურ რეჟიმში გადავიდა.

თუმცა, რუსული არმიის შეტევები ყოველთვის წარმატებული არ არის. დღის ბოლოს, ტელეგრამარხებზე გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ქალაქ ბელგოროდში საოკუპაციო ძალის მიერ გაშვებული რაკეტა ჩამოვარდა. დაზიანებულია სავაჭრო ცენტრის შენობა. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის - ჩვილი. დაშავდა - 17. მომხდარში მოსკოვი კიევს ადანაშაულებს. უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებიათ.

დღის ამბები