29-მდე გაიზარდა კანზას სითის აღლუმზე, სროლის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა. მათ შორის არიან ბავშვებიც. დაღუპულია ერთი ადამიანი. ის ლისა ლოპეზ-გალვანია, რომელიც ადგილობრივი რადიოს დიჯეი იყო. ლოპეზ-გალვანის გარდაცვალების შესახებ სამძიმრის წერილი თანამშრომლებმა გაავრცელეს. საავადმყოფოებში გადაყვანილი 29 დაშავებულიდან, 22-ს ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს.
სროლა მიზურის შტატის კანზას სითის ცენტრალურ უბანში, იმ დროს დაიწყო, როდესაც მოსახლეობა, სუპერ-ბოულის ფინალში, ადგილობრივი გუნდის - "კანზას სითი ჩიფს-ის" გამარჯვებას აღნიშნავდა. ქუჩებში მილიონამდე ადამიანი იყო გამოსული. მოსახლეობას ცეცხლი ცენტრში მდებარე ისტორიული რკინიგზის სადგურის მხრიდან გაუხსნეს. აღლუმზე პანიკა დაიწყო და ხალხმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა.
პოლიციას ამ დროისთვის 3 ადამიანი ჰყავს დაკავებული. ამოღებულია თავდასხმის იარაღი და თვითმხილველების დაკითხვა გრძელდება.
სროლის დროს, აღლუმზე, კანზას სითის მერი, შტატის გუბერნატორი და სენატორი იმყოფებოდნენ. ისინი უსაფრთხოდ არიან. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია. გამოძიების ფედერალური ბიურო მოქალაქეებს მოუწოდებს, აღლუმზე გადაღებული ვიდეოები გადასცენ.
სროლის შესახებ საქმის კურსში ჩააყენეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მალევე, ფედერალური სამართალდამცველი უწყებები, ადგილობრივი ძალოვნების დასახმარებლად, ჩავიდნენ. ჯო ბაიდენმა განცხადება გაავრცელა და, იარაღით ძალადობის ეპიდემიის დასასრულებლად, მოქალაქეებსა და კონგრესს მოქმედებისკენ მოუწოდა.
მიზური ერთ-ერთია იმ შტატებს შორის, რომელშიც მოქალაქეებს, ცეცხლსასროლი იარაღის შესაძენად, შტატის ნებართვა და ლიცენზია არ სჭირდებათ. 2013 წლიდან დღემდე, მიზურიში მასობრივი სროლების 154 შემთხვევა იყო, რომელსაც 156 ადამიანი შეეწირა. კანზას სითიში თავდასხმა, მხოლოდ წელს, შეერთებულ შტატებში მომხდარი მასობრივი სროლების უკვე 48-ე შემთხვევაა.